ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაცული ტერიტორიების სააგენტო KfW-ისგან 16 250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს
13 ივნისი, 2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16 250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს მიიღებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესება, კონსერვაციის უზრუნველყოფა, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება.

ახალ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო.

„გარემოზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვახორციელებთ. დაცული ტერიტორიების ფართობი დაახლოებით, 300 000 ჰექტრით გავზარდეთ. წელს ვგეგმავთ, ახალი დაცული ტერიტორიები დავაარსოთ, ხოლო არსებული 100 000 ჰექტრით გავზარდოთ. ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას დაფინანსება სჭირდება, რათა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ვიზიტორთა ცენტრები მოეწყოს, ჩვენი რეინჯერები შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვონ. აქედან გამომდინარე, სათანადო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია. გერმანიის მთავრობა წლებია, დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით მხარს გვიჭერს. მიმდინარე პროექტიც გვაქვს. დღეს კი, ხელი ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოვაწერეთ, რომელიც სწორედ დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადო “, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით საფუძველი არაერთ ინიციატივას ჩაეყარა.

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ 24 მილიონ ევრომდე მოცულობის საგრანტო მხარდაჭერას ითვალისწინებს, საიდანაც, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16 250 მილიონ ევროს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობისთვის მიიღებს. მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებასაც ითვალისწინებს.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.