ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში ახალი სასტუმრო - "სოლო გრანდი" იხსნება
06 ივნისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში ივლისში ახალი სასტუმრო „სოლო გრანდი“ გაიხსნება.

როგორც სასტუმროს პროექტის მენეჯერი კომპანიის „რადარის“ დამფუძნებელმა მაია მახათაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა, სასტუმრო კომპლექსში 19 ნომერია - დაწყებული სტანდარტული ნომრით, დამთავრებული საოჯახო ლუქსით.

სასტუმროს აქვს ღია აუზი, ღია და დახურული რესტორანი, კომპლექსის ინფრასტრუქტურა ერწყმის ტყეს, სადაც მოსასვენებელი ადგილებია მოწყობილი.

კომპლექსი 4 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი და, როგორც მაია მახათაძე აღნიშნავს, მას უნიკალური ადგილმდებარეობა და ბუნება გამოარჩევს, რაც სტუმრებისთვის მშვიდი დასვენების საშუალებას იძლევა.

„ესაა სტუმრებზე ინდივიდუალურად მორგებული სერვისი და გარემო. ეს არაა მრავალნომრიანი კომპლექსი. ჩვენ იმ მომხმარებლებზე ვართ ორიენტირებულნი, ვისაც მშვიდ გარემოში დასვენება სურს. ჩვენს შეთავაზებაში შევა არომა-თერაპია, ველნეს-

პაკეტები, სტუმრებს შევთავაზებთ 6 ახალი მიმართულების მონახულებას სასტუმროს მიმდებარედ - ესაა როგორც ისტორიული ძეგლები, ისე ბიისის ჩანჩქერი, ლევიტანას ტბა, საკალმახე მეურნეობა, ბუნებრივი გამოქვაბული და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს უნიკალური კუთხის ღირსეულად წარმოჩენაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის,“ - განაცხადა მაია მახათაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და ის სრულად ქართული ინვესტიციითაა შექმნილი. რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული ნომრის ღირებულება ერთი ღამით ორ ადამიანზე, საუზმითა და აუზით სარგებლობით 290 ლარი ღირს, რასაც დღგ ემატება.

მისივე განმარტებით, 7-8 ივნისს ქვემო ბოშურში 14:00-17:00 საათზე, ხოლო 8 ივნისს გორში (მერიის შენობა) ასევე 14:00-17:00 საათებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია Radar Brand Hospitality Space ის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმროში დასაქმებით დაინტერესებული პირებისთვის გასაუბრება გაიმართება. მაია მახათაძის თქმით, უპირატესობა ადგილობრივ კადრებს მიენიჭება.

„მთავარია, ადამიანებს ჰქონდეთ დასაქმების სურვილი და მოტივაცია. მათ გადამზადებაზე კი „რადარი“ იზრუნებს,“ - აღნიშნა მაია მახააძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.