ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის მაგისტრების მრავალრიცხოვანი ჯგუფი-საქართველოში
17 მარტი, 2016

სოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16 მარტს საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.

პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა, სადაც ღვინის მაგისტრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს.

ღვინის მაგისტრების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიზა გრანიკმა (აშშ) ეროვნულ მუზეუმში წარმოადგინა პრეზენტაციას ქართული ღვინის კულტურისა და მეღვინეობის დარგის შესახებ.

სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმა.

„ღვინის მაგისტრების ასეთი ფართო შემადგენლობით ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ღვინოზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგისტრების სტუმრობის მიზანია, რომ ქართული ღვინო კიდევ უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ღვინის მაგისტრების ჩამოყვანა, არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ თანამშრომობს სახელმწიფო სრუქტურა, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და კერძო სექტორი — ასოციაცია „ქართული ღვინო“. სწორედ ასოციაციის დამსახურებით მოხდა შესაძლებელი ამდენი სტუმრის ვიზიტის საქართველოში ორგანიზება“ — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

საქართველოში სტუმრობის დროს ღვინის მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კომპანიებს თბილისში, ქართლსა და კახეთში, სადაც გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ეწვევიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურაში.

ასოციაცია „ქართული ღვინო“ წლებია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის მაგისტრების ინსტიტუტთან. სწორედ ამ აქტიურმა თანამშრომლობამ განაპირობა ღვინის მაგისტრების დაინტერესება საქართველოთი. გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით, ღვინის მაგისტრები ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებს სტუმრობენ.

ღვინის მაგისტრების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიო მასშტაბით. ვიზიტის დასრულების შემდეგ დაიწერება სტატიები მსოფლიო წამყვან ღვინისა და კულინარიის ჟურნალებში, მოხდება საქართველოს ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია სოციალურ ქსელებში, ხელი შეეწყობა ტურისტებისა და განსაკუთრებით კი ღვინისა და კულინარიის ტურისტების ნაკადის გაზრდას.

ღვინის მაგისტრი ყველაზე პრესტიჟული წოდებაა ღვინის სფეროში. მათ სიტყვასა და რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო მასშტაბით. ღვინის მაგისტრის სერტიფიკატების გაცემა ინგლისში 60 წლის წინ დაიწყო, ამჟამად კი მსოფლიოს 338 ღვინის მაგისტრი ჰყავს 24 ქვეყანაში.

ღვინის მაგისტრის სერტიფიკატს გასცემს დიდი ბრიტანეთის ღვინის მაგისტრების ინსტიტუტი. ამ გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის მიღება რთული და გრძელვადიანი პროცესია. ღვინის მაგისტრები და ამავე დროს ინსტიტუტის წევრები არიან მეღვინეები, მყიდველები, მეცნიერები, სომელიეები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები და სხვა.

ღვინის მაგისტრები აფასებენ სხვადასხვა კუთხის და ქვეყნის ღვინოს მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებზე, ხელმძღვანელობენ ღვინის შემსწავლელ კურსებს, უძღვებიან დეგუსტაციებს, აფასებენ მსოფლიო კერძო მარნებს, კონსულტაციას უწევენ სახელმწიფო მარნებს.

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.