ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Hill Inn-ი ზაფხულის სეზონს განახლებული სივრცით შეხვდება - ინვესტიცია $500 000-ია
15 მარტი, 2024

მაღალმთიან აჭარაში,  ქედის სოფელ დანდალოში გლემფინგის (ველურ გარემოში მოწყობილი სახლი) მოყვარულებს პრემიუმ კემპინგი Hill Inn-ი სტუმრებს წელს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. ამის შესახებ ‘’ლაქშერ კემპინგ“ Hill Inn-ის თანადამფუძნებელი მაია ვერძაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

მისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ახალი ნომრის, აუზების და რესტორნის დამატებას, რომლის საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარს  შეადგენს. ამ ეტაპზე სასტუმრო წარმოდგენილია 5 ნომრით და 16 ადამიანის განთავსების შესაძლებლობა აქვს.

მაია ვერძაძე კემპინგის მიმართ მზარდ მოთხოვნაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ,,სასტუმრო ხეზე“ დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს . რეალურად ეს არის მაქსიმალურად ბუნებრივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

პანდემიურ პერიოდში შექმნილი კემპინგის სერვისების მიმართ მოთხოვნა 2023 წელს 20%-ით იყო გაზრდილი. ვერძაძე ფიქრობს, რომ რეაბილიტაციის პროექტით  შესაძლებელი იქნება ამ მაჩვენებლის,  მინიმუმ 50%-მდე გაზრდა.

რაც შეეხება სეგმენტს, უცხოელი და ქართველი მომხმარებლები სასტუმროს თანაბრად სტუმრობენ.  როგორც Hill Inn-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ყველაზე მეტი მოთხოვნა არაბეთის ქვეყნებიდანაა, განსაკუთრებით დუბაიდან. ამასთან, დამსვენებლებს შორის არიან ბელარუსის, უკრაინისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოქალაქეებიც, მათ შორის, პოლონეთიდან და გერმანიიდან.

‘’ზაფხულის სეზონის წინ განახლების პროცესი დავიწყეთ. აბსოლუტურად  ყველაფერს ვცვლით. ცვლილება როგორც ინტერიერის ნაწილს,  ასევე ექსტერიერს შეეხება. დავამატებთ აუზს, რომელიც ყველა ნომერს ინდივიდუალურად  ექნება და ზაფხულის სეზონზე სტუმრებს უკვე განახლებულ გარემოში დავხვდებით. სამუშაოებს მაისის ბოლოს დავასრულებთ. ჩვენი განთავსების ობიექტი მდებარეობს ტყეში, სიმწვანეშია ჩაფლული, ის ტერიტორია, სადაც ახლა ტენტები არის განთავსებული, ხეებს ესაზღვრება.

ზოგადად კემპინგი, როგორც ტურისტული მიმართულება საკმაოდ განვითარდა საქართველოში. დღეს უკვე აჭარაში, რამდენიმე ასეთი ობიექტი ფუნქციონირებს, თუმცა  პირველები ვართ, ვინც ეს სერვისი დანერგა რეგიონში“, - აცხადებს მაია ვერძაძე.

ცნობისთვის, Hill Inn-ი 2020 წლის მაისში გაიხსნა და წლის ყველა სეზონზე მუშაობს. სასტუმრო ასევე კინოთეატრს, ბიბლიოთეკას და სპა ზონას მოიცავს.

ტურისტულ ობიექტში 15-მდე ადამიანია დასაქმებული. ზაფხულის სეზონიდან დამატებით 4-5 ადამიანი დასაქმდება.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.