ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯადოსნური საახალწლო დღეები „მთაწმინდის პარკში“
27 დეკემბერი, 2017

დილაა, თბილისი ნისლშია გახვეული, ცივა. ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე დღეღა დარჩა. მთაწმინდაზე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა.

დროდადრო სიჩუმეს „მთაწმინდის პარკიდან“ „მონაბერი“ ჯადოსნური, საახალწლო მუსიკის ხმა არღვევს. ჰოდა ხვდები, რომ თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტია სად შეიძლება საახალწლო დღეებში პატარა გაართო, მონაყოლი ზღაპარი ჯადოსნურ სანახაობად უქციო და თავადაც ისიამოვნო, აქ უნდა დარჩე, რადგან აქ უკვე  გელიან.

აქ ყველაფერი საახალწლოდ მორთულა, პარკის შესასვლელსა და მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხე და განათებები უკვე წესრიგშია. ჰოდა, სიცივეც უკან იხევს...

პატარა ჯიხურებიდან, საიდანაც ცხელი ტკბილეულის სუნი გამოდის, სათამაშო თოვლის ბაბუები იჭყიტებიან, ნაძვის ხეებიც მოურთავთ ღიმილიან მასპინძლებს.

„მთაწმინდის პარკის“ მენეჯმენტმა ყველაფერი დროზე ადრე დაგეგმა და ღონისძიებების მთელი გრაფიკი გაწერა.

თუ სანტა ყველგან 31 დეკემბერს მიდის სტუმრად, აქ ის არ იგვიანებს და უკვე ელის პატარებს საჩუქრებითა და გასართობი ღონისძიებებით.

„მთაწმინდის პარკში“ საახალწლო ღონისძიებები ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნა. ძალიანაც ციოდა, თუმცა აქ პატარებს ეს ნამდვილად არ უგრძვნიათ. აგერ მათთან ერთად მხცოვანი და მხიარული სანტა ტრადიციულად დიდი მონდომებით ცეკვავს, მუსიკას ისე აყოლებს მოძრაობას პატარებსაც კი შურთ... საჩუქრები ჩამოურიგა პატარებს. ჟრიამულიც მატულობს, ცარიელი ატრაქციონებიც ნელ-ნელა ივსება და ყველა ერთად ჯადოსნურ ქალაქში ვართ. პარკს და მის სტუმრებს სიცივე ვერ აშინებს და მისთვის დამახასიათებელი ფერთა გამა უბრუნდება, გარემო ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით და რაღაც ახლის და კარგის მოლოდინით იჟღინთება.

ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირებიც აქ არიან, პატარებთან ერთად მხიარულობენ... მათ ვინც ჯერ კიდევ აქამდე არ ამოსულა ნამდვილი საახალწლო ჯადოსნური გარემო ელით.

დაგვიანებით არ დაგიგვიანიათ. მთაწმინდის პარკში ამაზეც იზრუნეს და ის 14 იანვრამდე ყოველდღე გელით.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მთაწმინდის პარკმა ბავშვებისთვის საგანგებო პროგრამა მოამზადა. გაიმართება საბავშვო კონცერტები, ილუზიონისტის შოუ, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები. პატარების გართობაზე იზრუნებენ მიმები და ჯამბაზები.

გარდა ამისა, გაიმართება საჩუქრების გათამაშებები.

ის ვინც შანსს არ გამოტოვებს და მთაწმინდის პარკს ეწვევა, მთაწმინდის პარკი ნამდვილ საახალწლო გარემოს და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

ღონისძიებებზე დასწრება სრულიად უფასოა, თუმცა მათ ვისაც შვილებთან ან მეგობრებთან ერთად კიდევ დამატებით სურს გახალისება 17-ლარიანი საახალწლო მოსაწვევის შეძენა შეუძლია. მოსაწვევში შედის საჩუქარი სანტასგან, ატრაქციონი - მინი ამერიკული მთები, თოჯინების თეატრი - მაშა და დათვი, თამაში ტირებში - რგოლები, თამაში ტირებში - ჯამბაზები, ვიდეოთამაშების დარბაზში - მაგიდის ჰოკეი, ვიდეოთამაშების დარბაზში - კალათბურთი.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingergia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.