ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ჯომარდობის 300-მდე ინსტრუქტორიდან მხოლოდ 30-40-ია სერტიფიცირებული"
03 ივლისი, 2023

ექსტრემალური, სათავგადასავლო ტურიზმის სფეროებისთვის ინდივიდუალური რეგლამენტი უნდა განისაზღვროს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ ზიპლაინის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ჩინჩალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექსტრემალურ ტურიზმზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს, პარლამენტში ინიცირებული კანონი კი, მისი განცხადებით, სათავგადასავლო ტურიზმს ვერ მოერგება. ჩინჩალაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება ამ კანონის ჩაშლა და საბოლოო ჯამში კარგ მოდულს მივიღებთ.

მისივე თქმით, მისი ფედერაცია აერთიანებს საჯომარდო ბანაკებს და ზიპლაინებს, სადაც შესაბამისი სტანდარტები დაცულია, თუმცა, ჩინჩალაძე გამოწვევად ასახელებს საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე ინსტრუქტორების დეფიციტს.

„რამდენიმე მდინარეზე მიმდინარეობს ჯომარდობის ტურების მოწყობა. ქვეყანაში ჯომარდობის 300-მდე ინსტრუქტორია, რომელიც ატარებს საჯომარდო ტურებს, მაგრამ სერტიფიცირებულია მხოლოდ 30-40, რომლებმაც მსოფლიო ჯომარდობის ფედერაციის სტანდარტებით გაიარეს გადამზადება და მიიღეს შესაბანისი კვალიფიკაცია.

უნდა მოხდეს მასობრივი გადამზადება და ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა, რადგან ისინი ინდივიდუალურად ვერ მოახერხებენ თვითნებურად გადამზადებას,“- განაცხადა ჩინჩალაძემ. 

მისი თქმით, USAID-ის პარტნიორობით მოხდა ინსტრუქტპრების გადამზადება და მათ მაღალი კვალიფიკაცია მიიღეს, და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებმაც დაიწყეს.

შეგახსენებთ: 28 ივნისს პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ“ კანონი.

კანონის მიზანი ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ტურიზმის სფეროს მართვის ძირითადი კომპონენტების მოწესრიგებაა.

კანონპროექტი აწესრიგებს ტურისტულ საქმიანობას, განსაზღვრავს ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებებსა და გარანტიებს, ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებს,ტურიზმის სფეროში კერძო და საჯარო თანამშრომლობის მექანიზმებს, ტურისტის უსაფრთხოებასა და ტურისტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მათივე შეფასებით, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელიც 1997 წელს არის მიღებული, ვერ პასუხობს ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევებს.

კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია ეტაპობრივად,  2024 წლის პირველი ივნისიდან.

ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის  პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.