ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყირიმი vs აფხაზეთი - რომელია უარესი?
27 დეკემბერი, 2021

საახალწლო დღესასწაულებზე რუსეთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია: სოჭი, ყირიმი და აფხაზეთი. ინფორმაცია ყირიმში და აფხაზეთში ტურისტული ბუმის თაობაზე ეჭვებს იწვევს, რადგანაც პარალელურად ადგილობრივები ცარიელ სასტუმროებზე და უკაცრიელ პლაჟებზე საუბრობენ, მაგრამ დაუშვათ, რომ ეს მართლად ასეა.

ცნობილია, რომ ყირიმი და მით უფრო აფხაზეთი მაღალი სერვისით და განვითარებული ინფრასტრუქტურით არ გამოირჩევიან. ის დრო, როდესაც ეს მიმართულებები დაბალი ფასებით გამოირჩეოდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ტურისტები იქ მაინც ჩადიან.

რომელია უკეთესი ამ კურორტებს შორის? ან უფრო სწორი იქნება საკითხის დაყენება - რომელია მათ შორის უარესი?

ყირიმი შედარებით იაფია, თანაც აფხაზეთი მწვავე ენერგოკრიზისს განიცდის, და ამასთან ერთად იქ ხშირია შეფერხებები წყალმომარაგებაშიც. ელექტროენერგიის გათიშვა ყირიმშიც ხდება, თუმცა, არა ისე მასშტაბურად და ტოტალურად, როგორც აფხაზეთში.

ზამთარში როგორც წესი ყირიმის სასტუმროები მეტწილად ცარიელია, კვება საშუალოზე დაბალი დონისაა, ნომრები სისუფთავით არ გამოირჩევა. რეგიონის საკურორტო ქალაქების სანაპიროებზე სიცარიელე იმის მაჩვენებელია, რომ ჯერ-ჯერობით ზამთრის ყირიმი ტურისტების შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

ზამთარში ყირიმში ამინდი საკმაოდ თბილია, განსაკუთრებით რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებთან შედარებით, თუმცა, ღამით ყინავს, დღისით, ტემპერატურა საშუალოდ 4-6 გრადუსია. ანუ, ზღვაში ჭუმპალაობა გამორიცხულია.

შეგიძლიათ სასტუმროებში აუზებით ისარგებლოთ, თუმცა, განსაკუთრებულ სისუფთავეს ნუ ელოდებით. ყირიმის მთიანი ნაწილი იდეალურია თხილამურების და სნოუბორდების მოყვარულთათვის, თუმცა, ინფრასტრუქტურა იქაც მოიკოჭლებს.

რაც შეეხება, ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ ნაკლებად ქარიანი და, ყირიმთან შედარებით, უფრო თბილი და მზიანი კლიმატია. ყირიმთან შედარებით, იქ ნაკლებია ისტორიული სასახლეები და კულტურული ღირსშესანიშნაობები, მაგრამ აფხაზეთის მთავარი უპირატესობაა უნიკალური ბუნება.

აფხაზეთში გამგზავრება და სასტუმროებში ჩასახლება შესაძლებელია ყოველგვარი ტესტების და კოვიდ-პასპორტების გარეშე. რუსი ტურისტებისთვის აქ მთავარი პრობლემაა არა ეპიდემიოლოგიური, არამედ ჩვეულებრივი, ფიზიკური უსაფრთხოება.

ადგილობრივ ხელისუფლებას ეს ძალიან კარგად ესმის და ხშირად ატარებს სხვადასხვა სხდომებს რუსი ტურისტების კრიმინალებისგან დაცვის ზომების მისაღებად. საკითხი არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მონაწილეობით განიხილება, თუმცა, საბოლოო შედეგები საკმაოდ მოკრძალებულია.

როგორც უკვე ითქვა, ყირიმი კარგი სერვისით არ გამოირჩევა, თუმცა აფხაზეთში ის მრავალჯერ უარესია, თანაც უფრო მაღალი ფასების ფონზე. აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის ტიპური შეფასება - არაფერი არ კეთდება, ინფრასტრუქტურა იშლება, ყველაფერი გაპარტახებულია, ყველგან ნაგავია, პლასტიკურ ბარათებს არ ემსახურებიან, პროდუქტები ძველია, პლაჟებზე ბევრი ძროხაა, რესტორნებში და კაფეებში სიბინძურეა, ყველაფერი ძვირი და უგემურია.

აფხაზეთის ტურისტული სექტორი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ყვაოდა, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. დარგი საჭიროებს მსხვილ ინვესტიციებს, მაგრამ იქ ფულის ჩადება არავის არ სურს - რუსებსაც კი. რესპუბლიკაში არ არსებობს კანონი, ინვესტორი არანაირად არაა დაცული, თანაც არააფხაზებისთვის უძრავი ქონების და მიწების ყიდვა აკრძალულია. ამას ემატება კვალიფიციური კადრების ტოტალური დეფიციტი.

ერთი სიტყვით, ამ მხარის წარმოუდგენელი სილამაზე არასაკმარისია სერიოზული ტურისტული ინდუსტრიის ასაშენებლად, ხოლო დრო, როდესაც აფხაზეთში საბჭოთა ნოსტალგიის გამო ჩადიოდნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

დღეს ყველა დამსვენებელს ბუნებრივი სილამაზეების გარდა უსაფრთხოება, წყალი, ელექტროენერგია, ნორმალური კვება და სისუფთავე სჭირდება.

ასე რომ დღეს აფხაზეთში ძირითადად ჩადიან ან უცოდინრობის გამო, ან უმეტესად  ერთდღიანი ექსკურსიებით, რომელთაგან ფინანსური მოგება თითქმის ნულის ტოლია.

ასე რომ, ყირიმი აფხაზეთზე უკეთესია, თუმცა, ესაა გამარჯვება აუტსაიდერზე, რომელიც დაბალ ლიგაში გამოდის.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Rosbalt

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.