ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ყოველი 10 სტუმრიდან, 4-5 უცხოელი ტურისტია" - ნიშატო
27 თებერვალი, 2024

საგურამოში მდებარე რესტორან ‘’ნიშატოს“ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც რესტორნის დირექტორი ირმა მანჯავიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მომხმარებლების თითქმის ნახევარი უცხოელ ტურისტს წარმოადგენს.

როგორც მანჯავიძე აღნიშნავს, რესტორანი გამიზნულად, ქართული უძველესი ტრადიციების აღსადგენად დაარსდა, რამაც უცხოელი ვიზიტორების ყურადღება მიიქცია.

"ყოველდღიურ რეჟიმში ვაახლებთ მენიუს და  სტუმრებს  მივიწყებულ კერძებს ვთავაზობთ, რაც მომხმარებლებისთვის სიახლეა. სახელებიც კი ძველ ტრადიციასთან ასოცირდება. ასეთია როგორც ცხელი, ასევე ცივი კერძები და ცომეული.  გავაერთიანეთ სხვადასხვა კუთხის სამზარეულო. ერთ-ერთი, რამაც დიდი მოწონება გამოიწვია, არის შებოლილი მეგრული კუპატი ელარჯთან ერთად. აღვადგინეთ ასევე აშვჩაფანი არიცვმგელით -  გადაზელილი ყველი ნიგვზიან მჭადთან ერთად, რაც ასევე საინტერესო მიქსია. რაც შეეხება სეგმენტს,  ფაქტობრივად ყოველი ათი შემკვეთიდან 4-5 სტუმარი უცხოელი ტურისტია“, - აცხადებს ირმა მანჯავიძე.

‘’ნიშატოს“ დირექტორი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს. მისი თქმით,  საგურამოში ამ მხრივ საკმაოდ კონკურენტული ბაზარია და ყველა ცდილობს, სტუმარს განსხვავებული ნიშა შესთავაზოს.

"ყველა ობიექტს აქვს თავისი განსხვავებული სერვისი, რის გათვალისწინებითაც  მომხმარებელი არჩევანს აკეთებს . როდესაც ჩამოდის ტურისტი და მოინახულებს ზედაზენს, ჯვარს, აუცილებლად შემოივლის ადგილობრივ რესტორანში, საინტერესო ლოკაციაა. ამასთან, საგურამო არის ისტორიული ადგილი და ყოველთვის ჰყავს ვიზიტორი.  ცხადია, არის კონკურენცია, მით უმეტეს, როცა აქვეა ისტორიული, თადეოზ გურამიშვილის სახელობის  მარანი. თუმცა ,,ნიშატო“ ახალია, ინოვაციური, თანამედროვე სტილის და უკვე ამ მხრივ იწვევს ინტერესს. გარდა იმისა, რომ ვაწარმოებთ ღვინოს, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ბიოწარმოებას, რაზეც ასევე აქტიურია მოთხოვნა“, - აცხადებს ირმა მანჯავიძე.

მისივე ინფორმაციით, წლევანდელი სეზონისთვის ,,ნიშატო“ განსაკუთრებით მოემზადა და დაამატა ტერასა, გაზარდა დარბაზის მოცულობა და სხვა.

‘’ღია სივრცე დასრულდება აპრილის ბოლოს  და ზაფხულში უკვე მზად ვიქნებით გამასპინძლებისთვის. პარალელურად ვიწყებთ შემოდგომის სეზონისთვის მომზადებას. შარშან რთველის პერიოდმა დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. შესაბამისად, წელს გვინდა უფრო დახვეწილი და საინტერესო პროგრამა შევთავაზოთ, როგორიცაა, მაგალითად, მარნის ტური დეგუსტაციებით და მასტერკლასებით - პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხინკლის მოხვევა და სხვა.  მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუმარმასპინძლობის სეგმენტში განსხვავებული კონცეფციითა და ნიშით დავმკვიდრდეთ“, - აცხადებს ირმა მანჯავიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, ნიშატო“ მარან ,,სევსამორას“ შვილობილი კომპანიაა. რესტორანში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული, ზაფხულისთვის მათი რაოდენობის 16-მდე გაზრდა იგეგმება.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.