ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ლეოგრანდში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გამო 500 თანამშრომელს კონტრაქტი შეუჩერდა
18 იანვარი, 2018

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელს კონტრაქტი შეუწყდა და უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა. მისი თქმით, უფუნქციოდ დარჩენილ სასტუმროს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა არ შეუძლია.

„სასტუმროს მეპატრონე იძულებული გახდა, რომ თანამშრომლებისთვის კონტრაქტები შეეჩერებინა. მათთვის კომპენსაციის გადახდა იმ პირობებში, როდესაც სასტუმრო არ ფუნქციონირებს, რთულია. ორი თვის განმავლობაში გადავუხადეთ. შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. სასტუმროს 500-ვე თანამშრომელი უხელფასო შვებულებაშია გასული“, - აცხადებს წერეთელი.

მისივე განმარტებით, მეპატრონის ინტერესია, რომ აღნიშნული კოლექტივი შენარჩუნდეს და მათ საბოლოოდ გათავისუფლებას არ აპირებს: „როდესაც სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს,  ამ რაოდენობის კადრების თავიდან მოძიება მარტივი არ იქნება. ამდენად, მეპატრონის ინტერესია, რომ  აღნიშნული კოლექტივი შენარჩუნდეს“, - აღნიშნა კახა წერეთელმა.

რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების კონკრეტულ თარიღს, გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება, სასტუმრო როდის აღადგენს მუშაობას. კახა წერეთელის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „ლეოგრანდს“ სახელწოდება შეეცვლება.

„გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ დასრულებულა. ექსპერტიზის დასკვნას და გამოძიების დასრულებას ველოდებით. სასტუმროს თანამშრომლების დაკითხვაც გრძელდება, თუმცა არა ინტენსიურად. ველოდებით, როდის მიეცემა სასტუმროს ადმინისტრაციას და მფლობელს საშუალება, რომ სასტუმროს მუშაობა განაახლონ. ბუნებრივია, ჯერ უნდა გაირკვეს მიზეზები და სრულად აღმოიფხვრას. შემდეგ უკვე დასუფთავდეს და მოწესრიგდეს. რაც შეეხება სასტუმროს სახელწოდებას, „ლეოგრანდი“ აღარ ერქმევა, თუმცა რა სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას, ეს მფლობელებმა უნდა გადაწყვიტონ“, - აცხადებს იურისტი.

კითხვაზე, რა უშლით ხელს, რომ სასტუმრომ მუშაობა განაახლოს, კახა წერეთელი გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი მიზეზი საგამოძიებო მოქმედებებია: „მიზეზი არის ის, რომ შენობას კვლავ საპატრულო პოლიცია იცავს, საგამოძიებო მოქმედება გრძელდება, შიგნით შესვლა და საქმიანობა შეზღუდულია. თუმცა გამოძიების მიმართ ამ ეტაპზე საპრეტენზიო არაფერი გვაქვს. მიუხედავად იმისია, რომ თავიდან ემოციური ფონი იყო, რაც მძიმე შედეგით იყო გამოწვეული, არ იქნა მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები პირების პასუხისმგებლობის შესახებ. გამოძიება სწორად წარიმართა,  ექსპერტიზა დაინიშნა და ყველა მის დასრულებას ელოდება. ვერ ვიტყვი, რომ ექსპერტიზა გაჭიანურებულია, რადგან ამას  საკმაოდი დიდი დრო სჭირდება, - აღნიშნავს წერეთელი.

რაც შეეხება სასტუმროს პროფილს, მისი თქმით, დამატებით შიდა დეტალებზე საუბარი უჭირს, რადგან თავად მფლობელებმა უნდა გადაწყვიტონ  როგორ გაგრძელდება მუშაობა: „პროფილი არ შეიცვლება, სასტუმრო და კაზინო  იქნება“.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის ერთჯერადი კომპენსაცია გაიცა. სამომავლოდ კი ბავშვების სრულწლოვანებამდე დაფინანსება და ასევე სტუდენტების დაფინანსების საკითხი გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 22 ადამიანს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.