ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მაჭახელა ჯგუფი: 1200 ადამიანს ვასაქმებდით, რაც 75-მდე შემცირდა, დროული გახსნა მნიშვნელოვანია
15 იანვარი, 2021

რესტორნების ქსელის მმართველი კომპანია „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ვანო სტურუას განცხადებით, ბოლო პერიოდში რესტორნებსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა და, შესაბამისად, მათ არ იციან როდისთვის იგეგმება რესტორნების გახსნა. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ შეხვედრა გახსნასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შედგება და ისინი გეგმის მიხედვით, 1 თებერვლიდან შეძლებენ ამოქმედებას.

„ჩვენს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მალე გავიხსნათ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რომ გახსნა მოხდეს სრულიად და არა ნაწილობრივ. იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ნაწილობრივ გახსნის გამო რესტორანი მაინც ვერ მოახერხებს ოპერირებას. ამიტომ სჯობს, მდგომარეობა დასტაბილურდეს და მერე სრულად გავიხსნათ“, - განმარტა ვანო სტურუამ.

მისივე ინფორმაციით, "მაჭახელა ჯგუფში", დაახლოებით, 1200 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს კი დასაქმებულთა რაოდენობა 75-მდეა შემცირებული.

ვანო სტურუა ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გაკეთებული შეღავათები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უფრო დიდი ხელშეწყობა რესტორნების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა იქნება, თუ ისინი განაცხადების განხილვის შემდეგ სუბსიდირებას მიიღებენ.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ და ალბათ ახლა განაცხადები განხილვის პროცესშია. ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ "მაჭახელა" ჯგუფი არ არის, აქ არის "თაღლაურა", "ხინკლის ფაბრიკა" - ამ სფეროში საბანკო რესურსის ერთ-ერთი დიდი მსესხებელი ვართ. შესაბამისად, მოლოდინის რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, სააგენტოში "აწარმოე საქართველოში" და ბანკებში განხილვები იანვარში დასრულდება“, - აღნიშნა „მაჭახელა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მთავრობა 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნას გეგმავს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მსჯელობა მიდის. რაც შეეხება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის შეზღუდვების მოხსნას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თაობაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებენ.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.