ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Native Racha ახალი საწარმოს აშენებას და თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს
13 მარტი, 2024

დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი Native Racha რაჭაში, ახალი საწარმოს აშენებას და თბილისში, ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაფართოების პროექტზე მუშაობა, სავარაუდოდ, ზაფხულში დასრულდება.

გარდა ამისა, Native Racha-მ ასორტიმენტი გაზარდა. მათ შორის, კომპანიის პროდუქციის ჩამონათვალს სვანური და მეგრული ტიპის ლორი და ასევე, ძეხვეული დაემატა. ვასილ ბაბლუანის თქმით, კომპანია სხვადასხვა რეგიონის რეცეპტებზეც მუშაობს, რათა სხვა ტიპის დავარგებული ხორცპროდუქტები გამოუშვას. 

"მოთხოვნა მზარდია და უკვე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე წარმოება გვაქვს. შესაბამისად, ვმუშაობთ პროექტზე, რომ ამ წელს ახალი საწარმოს აშენება დავიწყოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ახალი საწარმო რაჭაში იქნება და ამ ეტაპზე, ლოკაციის მოძიებაზე ვმუშაობთ. წარმადობა ახლა წელიწადში 2,5 ტონაა, ხოლო ახალი საწარმოს პირობებში გვინდა, რომ ეს რაოდენობა გასამმაგდეს. აღნიშნული პროექტი დაახლოებით, ზაფხულში დასრულდება და წლის ბოლომდე მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ.  გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებული იქნება ბრენდული მაღაზიის გახსნაც თბილისში. ალბათ, სამომავლოდ რეგიონების მიხედვითაც განვითარდებით.

რაც შეეხება ექსპორტს - ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს ჩვენს პროდუქტს და მოთხოვნაც არის, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ღორის ხორცპროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის გამო, ექსპორტზე გასვლას ვერ ვახერხებთ", - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

შეგახსენებთ, Native Racha-ს ამ ეტაპზე ერთი ბრენდული მაღაზია აქვს. გარდა ამისა, საწარმოს პროდუქციის შეძენა თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში და ასევე, "ბაზარი ორბელიანზეა" შესაძლებელი.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.