ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქარვისფერი ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა
22 მაისი, 2017

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“,   OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული მხარის ამ მიმართვას OIV-ის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 

"ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში არის სულ 7 ღვინო -  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი). 

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.