2019 წლის პასპორტის მსოფლიო ინდექსში საქართველოს პოზიცია უცვლელია და 39-ე ადგილს იკავებს.
ქართული პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 74 ქვეყანაშია შესაძლებელი; 41 ქვეყანაში კი, ვიზის აღება საზღვარზე ხდება. ამასთან, ქართული პასპორტით მოგზაურობისას მსოფლიოს 84 ქვეყანაში ვიზა დაგჭირდებათ.
საქართველოსთან ერთად, 39-ე ადგილი რეიტინგში ნიკარაგუამ და თურქეთმა დაიკავეს. ნიკარაგუას პასპორტის ქონის შემთხვევაში, უვიზოდ 65 ქვეყანაში იმოგზაურებთ და თუ თურქეთის პასპორტს ფლობთ – 71 ქვეყანაში.
რეიტინგში სამეულს ბოსნია და ჰერცოგოვინა და მოლდოვა და პალაუ მოჰყვებიან. ერთი ნაბიჯით წინ, 38-ე პოზიციაზე რუსეთის ფედერაციის და მარშალის კუნძულების პასპოტებია.
რეიტინგში პირველი კი, არაბთა გაერთიანებული საემიროებია – 167 ქულით. ამ ქვეყნის პასპორტის ქონის შემთხვევაში, მოგზაურობა უვიზოდ 113 ქვეყანაშია შესაძლებელი; 54 ქვეყანაში ვიზას საზღვარზე გასცემენ და მხოლოდ 31 ქვეყანაში შესასვლელად არის ვიზის აღება საჭირო.
პასპორტის მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა, თუმცა ყველაზე მეტ – 126 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა გერმანული პასპორტის მქონე მოსახლეობას შეუძლია.
მესამე ადგილს 165 ქულით passportindex-ის რეიტინგში სინგაპური, დანია, შვედეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ნორვეგია, სამხრეთ კორეა და აშშ-ის პასპორტები იკავებს.
2019 წელს უცვლელია რეიტინგში ბოლო, ყველაზე “სუსტი” პასპორტის პოზიციაც. ბოლო ადგილზე ავღანური პასპორტია. ამ ქვეყნის პასპორტით, უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ 5 ქვეყანაშია შესაძლებელი და ვიზა საჭიროა 169 ქვეყანაში მოგზაურობისას.
ცნობისთვის: პასპორტის ინდექსი (Global Passport Index) ყოველწლიურად ქვეყნდება. ის გაერო-ს წევრი 193 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს და ითვლის, თუ რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა.
პასპორტის ინდექსს კიდევ ერთი საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-იც აქვეყნებს. Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს აანალიზებს.
ამ რეიტინგში საქართველო 2019 წელს 51-ე ადგილზეა. 2018 წელი Henley&Partners-ის რეიტინგში საქართველომ 50-ე პოზიციით დახურა.
წლების მიხედვით ამ რეიტინგში საქართველოს პოზიციები ასე გამოიყურებოდა:
2017 წელი – 68-ე ადგილი
2016 წელი – 71-ე ადგილი
2015 წელი – 79-ე ადგილი
2014 წელი – 68-ე ადგილი
2013 წელი – 67-ე ადგილი
2012 წელი -73-ე ადგილი
2011 წელი – 73-ე ადგილი
2010 წელი – 72-ე ადგილი.
BM.GE