ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველო- ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება
30 ნოემბერი, 2017

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა. 

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

თუმცა, ხელშეკრულების ოფიციალურ ამოქმედებამდე, ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინო ექსპორტზე უკვე გადის. 

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადიგლემ გენადი არველაძემ "აიპრესს" განუცხადა, ჩინურ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. 

"მოთხოვნა გასამმაგებულია. ჯერ კიდევ არ არის წელი დამთავრებული და უკვე იმ მონაცემს გადააჭარბა, რომელიც შარშან გვქონდა. ასევეა ახალი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია როგორიცაა ჯემები, ხილისბოსტნეულის კონსერვები, მინერალური წყლები, ასევე ინდუსტრიული პროდუქცია - მანგანუმის ოქსიდი, რომელიც პირველად შარშან განთავსდა ჩინურ ბაზარზე", - აღნიშნა გენადი არველაძემ "აიპრესთან" საუბრისას. 

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.