ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ ბაზარზე თხის რძისგან დამზადებული სულგუნი გაიყიდება
22 იანვარი, 2018
"ლიანას თხის ყველი" თბილისის სუპერმარკეტებში მალე უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტით გაიყიდება. როგორც ფერმერი ლია დემეტრაშვილი ამბობს, არსებულ სახეობებს მეგრული ყველიც შეემეატება, რომელიც მეგრული ჯიშის თხის რძისაგან სამეგრელოში დამზადდება. ამის საშუალება მას ბიზნესის გაფართოვებამ მისცა - არსებული ფერმა თეთრწყაროდან სამეგრელოში, კერძოდ სენაკში გადაიტანა, სადაც ადგილობრივ პარტნიორთან ერთად თხის რძის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას გეგმავს. ფერმა 80 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და ამჟამად იქ 150 სული თხაა, მათ შორის 60 მეგრული ჯიშის, რომელიც ფერმერმა ახლახანს შეიძინა. 

"თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში დაიწყება დოლი, 140 სული თხისგან დაახლოებით 300-დან 500 ლიტრამდე რძის მიღებას ვგეგმავთ, რისგანაც დაუყოვნებლივ დავიწყებთ ყველის წარმოებას. მეგრული ჯიშის თხის რძისგან დამზადებული სულგუნი განსაკუთრებულია და სულ სხვა გემოვნური თვისებებითა და სუნით ხასიათდება, ამიტომაც ჩემთვის საინტერესოა ამ პროდუქტის წარმოება. უკვე გვაქვს ყველი, რომელსაც ფრანგული ტექნოლოგიით ვამზადებთ, ასევე ტრადიციული თხის ყველი, ყველი პიტნით, ქიშმიშით, ნიგვზით, მეგრული სულგუნი კი ჩვენი მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზება იქნება", - აცახადებს ფერმერი. 

სამომავლოდ ფერმერი ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს და თხების გამოსაკვებად საჭირო ნედლეულს თავად დაამზადებს, რაც, მისი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ნედლეულს სამეგრელოში ფერმის კუთვნილ მიწაზე მოიყვანენ. ეს იქნება ისეთი კულტურები როგორიცაა: სიმინდი, ქერი, სოიო, იონჯა და სხვა. 

ლია დემეტრაშვილმა თხების ფერმა პირველად 2010 წელს თეთრწყაროში მოაშენა, რისთვისაც საცხოვრებლად თბილისიდან რაიონში გადავიდა. 
 
ავტორი: მაია ბიწაძე
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.