ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა შემთხვევაში შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მოგზაურობა?
03 მარტი, 2021

“საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ, რაც ოფიციალური წერილით დაადასტურა უკვე საელჩომ და ადგილზე მოგზაურობაც სრულიად შესაძლებელია” - ამის შესახებ PEGAS Touristik Georgia-ის კომერციულმა დირექტორმა, სალომე ბერაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

გასულ კვირას თურქეთის ელჩთან „საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ და ტუროპერატორების შეხვედრა შედგა, სადაც დაისახა სამომავლო-სამოქმედო გეგმა და დაინიშნა მომდევნო სამუშაო შეხვედრა. ბერაიას თქმით, საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლის გამარტივებული რეგულაციები იძლევა იმის საფუძველს, რომ წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული იყოს.

“თუმცა ეს არ არის საკმარისი რომ ჩვენ გახსნილად გამოვაცხადოთ ზაფხულის ტურისტული სეზონი, რადგან ამისთვის აუცილებელია ფრენების დანიშვნა, ჩარტერული რეისების უზრუნველყოფა და მთლიანი ტურ-პაკეტების შეკვრა/განხორციელება. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავაინტერესოთ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში მოგზაურობით. აქამდე ისინი ძირითადად, სახმელეთო გზით კვეთავენ საზღვარს და ზღვისპირა კურორტებზე ისვენებენ, თუმცა თურქები ინდივიდუალური ტურისტები არიან, რომლებიც კერძო მანქანით მოძრაობენ და თავად ირჩევენ სასტუმროსაც და ტურებსაც. ჩვენ კი ვცდილობთ ახლა მეტად ორგანიზებული ტურ-პაკეტების შეთავაზებით, განსხვავებული საქართველო შევთავაზოთ და რაც მთავარია დავაინტერესოთ,” - აღნიშნა PEGAS Touristik Georgia-ის კომერციულმა დირექტორმა.

ბერაიას თქმით, ჯერჯერობით კომპანიაში ვერ გეგმავენ ტურ-პაკეტებს და შესაბამისად არც დაწყებულა გაყიდვები, ამის მიზეზად კი რეგულაციებსა და ცვლილებებს ასახელებენ, თუმცა მოლოდინები მაინც პოზიტიური აქვთ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, თურქეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტ პირებსაც საქართველოში შემოსვლა pcr-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.