ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"რაც საბაგირო ჩაირთო, ამოვისუნთქეთ, მაგრამ თოვლი მალე დადნება“
19 მარტი, 2021

საქართველოს მთის კურორტებზე წელს თოვლი საბაგიროების ჩართვაზე ადრე მოვიდა, მაგრამ სათხილამურო სეზონი ძალიან გვიან - 8 მარტს დაიწყო. გასული წლისგან განსხვავებით მიზეზი ამჯერად არც უამინდობა (უთოვლობა) და არც წყლის პრობლემები ყოფილა. 2020-2021 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის დაწყებისა და საბაგიროების დაგვიანებით ჩართვის მიზეზი covid-19-ის პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები იყო. შეზღუდვების მოხსნას წინ მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესების არაერთი საპროტესტო მიმართვა, აქცია და ღია წერილი უძღოდა. თავად აქციების ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობდნენ, რომ სამთო კურორტებზე შეზღუდვების მოხსნა სწორედ მათი პროტესტის შედეგი იყო.

მთის კურორტებზე შეზღუდვების შემსუბუქება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგებს დაემთხვა, რამაც ამ პერიოდში კურორტ ბაკურიანში მეტი დამსვენებლის ჩასვლა განაპირობა, შესაბამისად, მთის ფერდობები მეტ-ნაკლებად მოთხილამურეებითა და დამსვენებლებით შეივსო.

BM.GE-იმ სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში არსებული მდგომარეობა მოიკითხა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საბაგიროების ჩართვის შემდეგ დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა, თუმცა გასულ წელთან შედარებით მაინც მცირეა. მათივე ინფორმაციით, წელს ფასები ყველა სერვისზე შემცირებულია, მიზეზი კი არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაა.



„საბაგიროების ჩართვამდე, ძირითადად, ადგილობრივი დამსვენებლები ჩამოდიოდნენ და ციგებს ქირაობდნენ. მთაზე ფეხით, თხილამურებით 2 ადამიანი თუ ავიდოდა, ამიტომ თხილამურებს ძირითადად ვერ ვაქირავებდით; რაც საბაგიროები გაიხსნა თანდათან ავმუშავდით და მოთხოვნაც წამოვიდა. წინა წელთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა 70%-ით შემცირდა, შესაბამისად, დატვირთვამაც მოიკლო.

სეზონზე, დაახლოებით, 25 000 ლარამდე შემოსავალი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ასეთი თოვლი არ გვახსოვს, იმ დანაკარგს, რაც შეზღუდვების გამო მოგვადგა, ვერ ავინაზღაურებთ, თუმცა პურის ფულს მაინც ვიშოვით“, - ყვება სათხილამურო აღჭურვილობის გამქირავებელი.



თხილამურებით სრიალის მასწავლებელი BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ სწავლების საფასური წელს არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეამცირა. გასულ სეზონზე თუ 1 საათის ღირებულება 50 ლარი იყო, წელს ეს თანხა 40 ლარია.

„დიდი ხანია თხილამურებით სრიალს ვასწავლი და ასეთი წელი ჯერ გვქონია. ფაქტობრივად, მთელი სეზონი ჩავარდა. მიუხედავად ამისა, რთული ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გამო ფასები დავწიეთ. ზამთრის სეზონზე, დაახლოებით, 10 000 ლარამდე შემოსავალი მქონდა და წლის განმავლობაში ამით გაგვქონდა თავი. წელს მცირე პერიოდში და შემცირებული დამსვენებლების პირობებში, რას ვიზამთ არ ვიცი“, - ასე აღწერს თავის მდგომარეობას თხილამურების მასწავლებელი.

ბაკურიანში ე.წ. "25-იანების" ერთ-ერთ საბაგიროზე დასაქმებული კი ამბობს, რომ ზამთრის კურორტისთვის შესაფერისმა ამინდმა და საბაგიროების ჩართვამ, საშუალება მისცათ, პურის ფული გამოემუშავებინათ.

„წლებია რაც ჩვენი დღიური შემოსავალი 30 ლარია და ეს თანხა ყველაფრის გაძვირების მიუხედავად არ იცვლება. წელს განსაკუთრებით გაგვიჭირდა, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყოს საბაგიროების გაჩერება, სრულად გაჩერებული ვიყავით და მხოლოდ ციგების გაქირავებით ვირჩენდით თავს. რაც საბაგიროები ჩაირთო, ამოვისუნთქეთ, თუმცა თოვლიც მალე დადნება და ისევ უმუშევრად დავრჩებით“, - ამბობს საბაგიროზე დასაქმებული.



კითხვაზე - სად და როგორ დასაქმდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები სეზონის გასვლის შემდეგ, თითოეული მათგანი ამბობს, რომ ერთადერთი სამუშაო სეზონის შემდეგ მშენებლობებზე დასაქმებაა, რომელიც ბაკურიანში მრავლადაა.

„თოვლი რომ დადნება, ადგილობრივები ძირითადად სამშენებლო სამუშაოებზე საქმდება, თუმცა პანდემიის გამო ესეც შემცირებულია. უმრავლესობა უმუშევრად რჩება და ზამთრის სეზონზე შემოსული თანხით ვირჩენთ თავს“, - ამბობენ ადგილობრივები.

რაც შეეხება ბინების ფასებს, კოტეჯებისა და აპარტამენტების გამქირავებლები BM.GE-ისთან საუბრისას ამბობენ, რომ წელს ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„მხოლოდ იმისთვის ვაქირავებთ კოტეჯებს, რომ კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ. მოთხოვნაც ძალიან დაბალია და კონკურენციაც დიდია. მთის კურორტზე კი -15 გრადუსი ყინვის პირობებში კომუნალური ხარჯები მაინც გვაქვს, ამიტომ იმ ფასად ვაქირავებთ, რომ ეს ხარჯები დავფაროთ“, - უთხრა bm.ge-ის კოტეჯის მეპატრონემ.



მთის კურორტებზე მოქმედ ბიზნესებსა და დასაქმებულებისთვის კი სეზონი თოვლის დადნობასთან ერთად დასრულდება. მთელი სეზონის დაგვიანებით ჩართული საბაგიროებიც გაჩერდება და ბაკურიანის მაჯისცემაც შენელდება. კურორტზე მცხოვრებნი იმედოვნებენ, რომ თოვლი თვის ბოლომდე იქნება და იმ დანაკარგს, რაც მათ პანდემიამ და მის გამო ამოქმედებულმა შეზღუდვებმა მიაყენა, მცირედით მაინც აინაზღაურებენ. ამის შემდეგ დაიწყება ლოდინი მომავალი სათხილამურო სეზონისთვის, ოღონდ იმ იმედით, რომ 2021-2022 წლის სეზონი წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება - ნაკლები რეგულაციებით, შეზღუდვებით და დროულად ჩართული საბაგიროებით. ზამთრის კურორტზე ხომ ტურისტი ხშირ შემთხვევაში სათხილამუროდ ადის, ეს კი საბაგიროების გარეშე შეუძლებელია.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.