ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რაჭა შეიძლება იყოს სათხილამურო კურორტი“ - რატომ ვერ განვითარდა რეგიონი ტურისტულად
21 მარტი, 2024

კულტურული ძეგლებით, მრავალფეროვანი ბუნებით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების სიმრავლით, სუფთა ჰაერით, მინერალური და გოგირდოვანი წყლებითა თუ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი რაჭის ტურისტული განვითარების პოტენციალი დიდია. ლაილაში, უძირო ტბა, შაორის წყალსაცავი, სიყვარულის ჩანჩქერი, ნიკორწმინდის მონასტერი, საირმის სვეტები თუ უწერა, იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დამსვენებელს რაჭაში ელოდება.

მიუხედავად დიდი პოტენციალისა, როგორც „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, „რაჭა ტურისტულად ვერ განვითარდა. ვცდილობთ რაჭა ჩავსვათ პროგრამაში, მაგრამ ვერ ვითანხმებთ სტუმრებს“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ტურისტული თვალსაზრისით მდიდარმა რაჭამ, რატომ ვერ შეძლო პოტენციალის სრულად ათვისება.

სასტუმრო „საბა“ უმეტესად ადგილობრივ ტურისტებს მასპინძლობს. მისი მფლობელ ნონა იშხნელიძეს აქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელი უკეთესი იქნება, რადგან „ამაზე არიან დამოკიდებული“. რაც შეეხება რაჭის პოპულარულობის სიმცირეს, იშხნელიძე რეკლამის ნაკლებობით ხსნის, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად კი რაჭის პოპულარიზაციაში ხედავს. იშხნელიძე ფიქრობს, რომ რაჭას აქვს საშუალება, განვითარდეს როგორც სათხილამურო კურორტი.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხული დატვირთული იქნება - ამაზე ვართ დამოკიდებული. რაჭის ნაკლებად პოპულარულობის მიზეზი არის რეკლამა, არ კეთდება საკმარისი ამ მხრივ. გზები მიუვალ ადგილებში არ არის გაკეთებული, სხვაგან ნორმალურადაა. ჩემი აზრით, რაჭა უფრო მეტად შეიძლება იყოს სათხილამურო კურორტი - ეს რომ გაკეთდეს უფრო დააინტერესებს ტურისტებს“, - აცხადებს ნონა იშხნელიძე.

„საბასგან“ განსხვავებით, „რაჭა რუმს“ ძირითადად უცხოელი ტურისტები სტუმრობენ. სასტუმროს გახსნა შოვის ტრაგედიას დაემთხვა და გასულ წელს ბევრი დამსვენებელი არ ჰყოლიათ. წელს აქვთ მოლოდინი, რომ სასტუმროს დატვირთვა გაიზრდება.

როგორც „რაჭა რუმის“ მმართველი მარიამ სანთელაძე გვიყვება, რაჭაში ძირითადი საავტომობილო გზები მოწყობილია, მაგრამ სოფლებში გადასაადგილებელი გზები ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია. რაჭის ინფრასტრუქტურა ვითარდება, მაგრამ არა - საკმარისად.

„რაჭაში ვითარდება ნელ-ნელა ინფრასტრუქტურა, ვერ გეტყვით, რომ ის შედეგი გვაქვს, რაც გვსურს. მე რომ იმ კუთხით წავიდე, როგორც სასტუმროს მმართველი, რაჭაში ძალიან დიდი პრობლემაა კვების ობიექტები. ვისურვებდი, რომ ეს მხარე განვითარდეს. ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სხვები არის რაჭაში, მაგრამ ზამთარში პრობლემები იქმნება - დენი ხშირად ითიშება. ძირითადი გზა მოწესრიგებულია, თუმცა სოფლებს პრობლემები აქვს ამ კუთხით“, - აღნიშნა მან.

სანთელაძეც მიიჩნევს, რომ რაჭას შეუძლია იყოს მიმზიდველი სათხილამურო კურორტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის. მისი თქმით, თუ რაჭა ამ კუთხით განვითარდა, სეზონი ზამთარშიც აქტიური იქნება.

„რაჭას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუ იმ რესურსს, რაც გააჩნია, კარგად გამოვიყენებთ. ამჯერად უფრო ზაფხულის სეზონია რაჭაში დატვირთული, მაგრამ შესაძლებელია სათხილამურო ტრასები გაკეთდეს და თუ ამ მხრივ მოხდა განვითარება, ზამთარიც დატვირთული იქნება“, - აღნიშნა მარიამ სანთელაძემ.

ივა ცაგურიშვილმა სასტუმრო „ზედა თლუღი“ გასული წლის ზაფხულში გახსნა. მისი სასტუმროს გახსნაც შოვის ტრაგედიას დაემთხვა. სტუმრების რაოდენობა მასთანაც მცირე იყო. ცაგურიშვილი განმარტავს მიზეზებს იმისა, თუ რატომ განიცდის რაჭა სტუმრების სიმცირეს. მისი თქმით, რაჭაში ბევრ ადგილას ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, რიგ შემთხვევებში ადგილამდე მისვლა პრობლემურია და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ზემოხსენებულის მიზეზი.

„ჩემი სასტუმრო, შოვის ტრაგედიები რომ იყო, იმ პერიოდში გავხსენით, ახლა ვიწყებთ - რამდენიმე ვიზიტორი მყავდა სულ. ზამთარშიც იყო მოთხოვნა, მაგრამ გაზი წელს შემყავს, ცენტრალური გათბობა არ მქონდა და ვიკავებდი თავს სიცივის გამო. ჩემი აზრით, რაჭაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილები, სადაც პრობლემურია მისვლა, შესაძლოა, ერთ-ერთი პრობლემაც ეს იყო“, - განაცხადა ივა ცაგურიშვილმა.

bpn.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.