ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რას მალავს კისისხევის გამოქვაბულები - თელაველმა მეცნიერებმა გამოქვაბულთა სისტემა შეისწავლეს
08 ნოემბერი, 2023

რას მალავს კისისხევის გამოქვაბულები - თელაველი მეცნიერები გამოქვაბულთა სისტემის შესწავლას ორი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. 

პროექტის პრეზენტაცია სწორედ  კისისხევთან მდებარე წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.

კვლევის შედეგები დამსწრე საზოგადოებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ლიკა ალადაშვილმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გიორგი ლაღიაშვილმა კისისხევში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე  ტერიტორიაზე  წარუდგინეს.

პროექტის ფარგლებში მოხდა გამოქვაბულთა კომპლექსის ფიქსაცია, რაც გულისხმობს აეროფოტო და ტოპოგრაფიულ გადაღებებს, წერილობით, გრაფიკულ და გეოგრაფიულ (ჯპს კოორდინატებით) ფიქსაციას. 
გარდა უშუალოდ გამოქვაბულებისა, იგივე მეთოდიკით დაფიქსირდა მთლიანად სამონასტრო კომპლექსი,  რის შედეგადაც მომზადდა  წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური რუკა. 

მოხდა სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წერილობითი წყაროების/საარქივო მასალების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. 

აღნიშნულ კომპლექსურ სამუშაოებზე დაყრდნობით მომზადდა ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, პრაქტიკული ფუნქციაც აქვს ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.

,,წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ნამონასტრალი ანდა ,,კონდამიანი“ (როგორც ადგილობრივები უწოდებენ) მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევიდან სამხრეთ-დასავლეთით, პირდაპირი ხაზით 4 კმ. დაშორებით. კომპლექსი განლაგებულია მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირის ციცაბო, ტყით დაფარული ფერდობის ტერასაზე. ნამონასტრალი, თავისი სტრუქტურით წარმოადგენს რთულ არქიტექტურულ-არქეოლოგიურ კომპლექსს, მასში შემავალი სხვადასხვა ტიპოლოგიური და ფუნქციური დატვირთვის მქონე კომპონენტებით. ნამონასტრალის დომინანტს წარმოადგენს წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა. შეიძლება ითქვას, რომ სპეციალურ ლიტერატურაში ,,კონდამიანის“ კომპლექსის სხვადასხვა კომპონენტთა შორის, ის ყველაზე ფართოდაა ცნობილი. გამოქვაბულთა კომპლექსი განლაგებულია ბაზილიკიდან ჩრდილოეთით, 200 მ-ის დაშორებით, სამხრეთის ექსპოზიციის კლდის მასივში.  ყველაზე ადრეული და პრინციპში ერთადერთი წერილობითი წყარო, რომელიც კისისხევის ხეობაში კლდეში ნაკვეთი კომპლექსის არსებობის შესახებ გვაწვდის ცნობას, არის ვახუშტი ბაგრატიონის ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომლის მიხედვითაც: ,,მოერთვის კუალად ალაზანს კისის ჴევი, გამოსდის გომბორის მთასა, მოდის დასავლით-სამჴრეთს შუადამ ჩდილო-სამჴრეთ შუა. ამ ჴევზედ კლდეში არს ქუაბნი მრავალნი გამოკუეთილნი.”

გამოქვაბულები ორ იარუსად არის განლაგებული. ქვედა იარუსის გამოქვაბულები, ფერდობის ზედაპირიდან 2-3 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული, ხოლო ზედა იარუსის ქვაბები 5-6 მეტრის სიმაღლეზე. ამ უკანასკნელში მოხვედრა შესაძლებელია ქვედა იარუსის გამოქვაბულებიდან ამავალი ვერტიკალური შახტებით, რომელთაგან ზოგი ჩამონგრეული და ჩახერგილია. ქვედა იარუსზე განლაგებულია ცალკეული, იზოლირებული მარტივი გეგმის ქვაბები, ხოლო ზედა იარუსზე უმთავრესად გვხვდება რთული გეგმის, ერთმანეთთან გასასვლელებით დაკავშირებული გამოქვაბულები. ისინი განლაგებულია გარკვეულ ჯგუფებად. ჩვენს მიერ გამოყოფილი იქნა გამოქვაბულთა ექვსი ჯგუფი საერთო ჯამში კი აღირიცხა 20 გამოქვაბული.


გამოქვაბულთა კომპლექსში გამოიყოფა სხვადასხვა ფუნქციის მქონე ქვაბები: კლდეში ნაკვეთი ეკლესია, სატრაპეზო, ბერების სადგომი სენაკები და საკუჭნაო. როგორც ირკვევა, აქ გამოქვაბულთა გამოკვეთა დაიწყო VI-VII საუკუნეებში.

კონდამიანის უდაბნო-მონასტრის შესახებ წერილობითი წყაროების ცნობები ერთობ მწირია, თუმცა, შემორჩენილია დოკუმენტები კისისხევში საეკლესიო მიწათმფლობელობის შესახებ. ხსენებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აქ მამულებს ფლობდა დავით-გარეჯის მონასტერი. უაღრესად საინტერესოა აგრეთვე 1786 წლის განჩინება პართენ მდივნიშვილისა და ,,ქრისტეს საფლავის ყმების“ მამულების საქმეზე. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მეტოქიონს ფლობდა კისისხევში (დიდი ალბათობით სწორედ კონდამიანი უნდა ყოფილიყო ეს მეტოქი). აქ მდებარე იერუსალიმის მიწებს ,,ქრისტეს საფლავის მიწას“ უწოდებდნენ, ხოლო მის კუთვნილ გლეხებს - ,,ქრისტეს საფლავის ყმებს“.,, - გვიყვება ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლგი, გიორგი ლაღიაშვილი. 
უახლოეს მომავალში დაგეგმილია  ნაშრომის ბეჭდური ვერსიის გამოცემა.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.