ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
РИА Новости: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობა განახევრდა
18 აგვისტო, 2017

რუსული გამოცემა РИА Новости-ის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურიზმი წლიდან წლამდე მცირდება. თუმცა, გამოცემის ცნობით, ვითარებამ მიმდინარე წელს პიკს მიაღწია, როდესაც რუსი ტურისტების რაოდენობა 50%-ით შემცირდა. 

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსი ტურისტების მნიშვნელოვანი კლება გუდაუთის რაიონის სოფელ არსაულში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ტურისტების დაახლოებით 50% -მა იქ დასვენებაზე უარი თქვა. 

"საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებამ დიდი რაოდენობის ტურისტული საგზურების გაუქმება გამოიწვია", - აღნიშნავს დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის კავშირის ხელმძღვანელი ანნა კალიაგინა. 

როგორც კალიაგინა განმარტავს, ტურისტებზე ასევე უარყოფითად იმოქმედა გასულ თვეში გუდაუთის რაიონის სოფელ აჩადარაში მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც სათევზაოდ მყოფ რუსი ტურისტების ჯგუფს შეიარაღებული უცნობი პირები დაესხნენ თავს და ერთ-ერთი ტურისტი მოკლეს, მისი ოჯახის წევრები კი გაიტაცეს. 

"აღნიშნული შემთხვევების შემდეგ, რუსეთის საელჩომ საგანგებო ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენული სიტუაცია მძიმე და უკონტროლოა. ბოლო წლების განმავლობაში კი გამოსასყიდის სანაცვლოდ შეიარაღებულმა პირებმა არა ერთი ადგილობრივი მოქალაქე, თუ ტურისტი გაიტაცეს. საელჩო ტურისტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისას, განსაკუთრებული სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებს. არსებული ვითარება რუს ინვესტორებშიც ეჭვებს ბადებს, რაც თავის მხრივ, თანხების დაბანდების თავშეკავებას იწვევს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 წელიწადში რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს ფინანსური დახმარების სახით 854 116 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო“,-ნათქვამია სტატიაში.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.