ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როდის ამოქმედდება ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი ჩინეთსა და საქართველოს შორის
23 იანვარი, 2018
ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმი სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარში ამოქმედდება - ამის შესახებ Bm.ge-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა განუცხადა. 

"სტუმართმოყვარეობის გარდა, ჩინელებს ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო და ღვინო. ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა ეს ინტერესი, რომ საქართველოს ჟურნალისტთა და სპეციალისტთა რამდენიმე ჯგუფი უკვე ეწვია და სერიოზულად სწავლობენ, რათა მუდმივ, სტაბილურ ბაზარზე ვითარდებოდეს ჩვენი ტურისტული ურთიერთგაცვლა. ამ კუთხით 2018 წელს ველოდებით, რომ შემსუბუქდება ტურისტული რეჟიმი ტურისტული ჯგუფებისთვის, ანუ უვიზო იქნება, რაც ბუნებრივია, სერიოზული კატალიზატორი უნდა იყოს იმისა, რომ აქ ეს ინდუსტრია განვითარდება. ეს უვიზო რეჟიმი ორმხრივი იქნება",- განაცხადა ელჩმა. 

გარდა კულტურულ სფეროში ინტერესისა, დავით აფციაურის განმარტებით, საქართველოში ჩინელებს სტაბილური გარემოც იზიდავთ. 

"ისინი დღეს თანამედროვე საქართველოში ჩამოდიან, რომელიც ჩინეთის საზოგადოების თვალში აისახება არა მხოლოდ როგორც ლამაზი ქვეყანა, სადაც შესანიშნავი კლიმატი და სამზარეულოა, არამედ როგორც სტაბილური ქვეყანა, ვინაიდან განსაკუთრებით ჩინელებისთვის, რადგან ახლა ხდება მათგან გარე სამყაროს აქტიურად ათვისება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ უსაფრთხო პირობები გადაადგილებისას, მოგზაურობისას და ა.შ. სწორედ ასეთ ადგილს ხედავენ დღეს საქართველოში და ეს შეიძლება, იყოს არსებითი ფაქტორი", - განაცხადა ელჩმა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, დავით აციაურის თქმით, ამ მხრივ სავიზო რეჟიმი ძალაში დარჩება და მხარეებს შორის გაანალიზდება, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამარტივება.
 
ავტორი: დავით ჯალაღონია
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.