ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ შეიქმნა «ანბანით მოთხრობილი საქართველო»
11 ოქტომბერი, 2017

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარსადგენად ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს უნდა შეემუშავებინა შესაბამისი კონცეფცია, სლოგანი, ლოგო და ანიმაციური ვიდეორგოლი. საქართველოს სარეკლამო სააგენტოებს შორის ჩატარდა კონკურსი, რომელშიც ფროდაქშენ კომპანია „CONNECT-მა“ გაიმარჯვა და სწორედ მას ეკუთვნის საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითადი კონცეფცია და სლოგანი. მათივე დაკვეთით, გია ბოხუამ, თაკო ჭაბუკიანმა და კახა კახაძემ შექმნეს პროექტის ლოგოტიპი და ბრენდინგი. რაც შეეხება ტექსტს, მასზე იმუშავა ქართველმა მწერალმა აკა მორჩილაძემ. 

“CONNECT-ის“ მიერ შემუშავებულ ბრენდ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა ანიმაციური ვიდეორგოლი ქართული ანბანის შესახებ, რომელიც უკვე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და რომლის ტექსტი, კრეატიული კონცეფცია და შესრულებაც JWT Metro-სა და Metrograph Studio-ს ეკუთვნის. ანიმაციურ რგოლში შემავალი რამდენიმე ასო-ნიშნის თემატიკა კი რგოლში ადაპტირებულია აკა მორჩილაძის ნაშრომიდან „33 ისტორია“. 

დეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: „ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე საპატიო ქვეყნის სტატუსით წარდგენა ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ამით, თავისი არსებობის მანძილზე, პირველად ეძლევა სრულიად უნიკალური შანსი, საკუთარი თავი მონიშნოს მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე“. 

„რაც შეეხება პროექტის მიზანსა და ჩვენ მიერ დასმულ ამოცანას, პროექტის კონცეფციის ვიზუალური კომუნიკაციის მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნიშნით, ჩვენი უნიკალური ანბანით, 33 სხვადასხვა ისტორიით გაგვეცნო. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ კიდეც“, – დეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 

მარკეტერი პროექტის გენერალური კონცეფციის ავტორი კომპანიის – „კონექტის“ კრეატიულ დირექტორს, დავით რიკიაშვილს ესაუბრა: 

M: როგორ დაიწყო წიგნის ეროვნული ცენტრისა და „კონექტის“ თანამშრომლობა? 

2016 წელს, საქართველოს წიგნის ცენტრმა და კულტურის სამინისტრომ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, გამოაცხადა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარსადგენი კონკურსი. კონკურსი მოიცავდა საქართველოს წარდგენის კონცეფციას, სლოგანსა და ლოგოს. 15-მდე კრეატიული კომპანიიდან „კონექტი“ ერთადერთი იყო, რომელმაც გადალახა საკონკურსო ბარიერი და მოიპოვა გამარჯვება. 

M: რა გამოწვევის წინაშე იდგა „კონექტი“ ამ პროექტზე მუშაობისას და როგორ შეძელით დასმული ამოცანის განხორციელება? 

ვისაც სმენია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ, ალბათ, დაეთანხმება იმ ფაქტს, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ წარმოადგენს მხოლოდ წიგნების გამოფენას. ის არის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიება. მასპინძელი ქვეყნის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეგიძლია 360 გრადუსით დაანახო მსოფლიოს შენი ქვეყანა. ჩვენი ამბიცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ „კონექტის“ წარმატება. აქ საქართველოს სახე უნდა წარგვედგინა მსოფლიოსთვის, ამიტომ ჩვენმა სააგენტომ, „კონექტის“ კრეატიულ ჯგუფთან ერთად პროფესიონალი ადამიანები შემოიკრიბა დასმული ამოცანის გადასაჭრელად, რომ შეგვექმნა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის კონცეფცია, სლოგანი და ლოგო: 

კონცეფცია 

დასმული ამოცანის გადაჭრა მარტივი არ იყო, თუმცა გაგვიმართლა, რომ ვართ ქართველები და გვაქვს უნიკალური ენა და ანბანი. ჩვენ ამოცანად დავისახეთ რომ კონცეფციას, რომელსაც შევქმნიდით ჰქონოდა უსაზღვროდ განვითარების საშუალება, ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველო დაგვეხასიათებინა 33 უნიკალური ასო-ნიშნით. ჩვენ მიერ შექმნილი კონცეფცია განვავითარეთ აკა მორჩილაძესთან ერთად და ის თარგმნა Donald Rayfield-მა (თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე). 

კონცეფცია, რომელიც შეიქმნა არ არის ლიმიტირებული, მისი განვითარება კიდევ უფრო მეტ ემოციას ქმნის. ანბანის მიხედვით შერჩეული სიტყვები აკამ ისე გააცოცხლა მოკლე ისტორიებში, რომ ყველა მათგანი მთავარი გზავნილია მსოფლიოსთვის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კონცეფციის შექმნისას ძალიან ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ, მათ შორის, პავილიონის მოწყობის მხრივ, ვფიქრობდით იმაზეც, რომ ჩვენი იდეა მაქსიმალურად განხორციელებადი ყოფილიყო. ასევე, ის, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრების მოლოდინი საქართველოს მიმართ მაღალია, რადგან ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ბაზრობის ისტორიაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. გავითვალისწინეთ ის, რომ საქართველო წარგვედგინა დღევანდელი რეალობით და მსოფლიოსთან ხვალინდელი თანამშრომლობის მზაობით. 

სლოგანი 

სლოგანზე თითქმის 2 თვეზე მეტი ვიმუშავეთ. მრავალი ვერსიიდან კრეატიული ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა შორთლისტი. შერჩეული სლოგანების 5 ვარიანტი 4 ქვეყნის ფოკუს ჯგუფებში გამოიკითხა, საიდანაც გარკვეული სტატისტიკა შემუშავდა, რომელიც მუშაობის გაგრძელებაში ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ, 3 ვერსია შეირჩა, საიდანაც Georgia Made By Letters სლოგანმა მიიღო ყველაზე დიდი მოწონება. საბოლოოდ Letters სიტყვამ მოდიფიკაცია განიცადა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სურვილით და გახდა Characters. 

ლოგოტიპი 

პროექტის მაღალი ინტერესის გამო, ლოგოტიპზე მუშაობას დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მივუდექით. დაახლოებით, 8 საუკეთესო დიზაინერი მუშაობდა ლოგოს ფორმირებისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს საუკეთესო ნამუშევრებისთვის. 

M: რა გამოცდილება მოგცათ ამ პროექტზე მუშაობამ? 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენა ბევრი სააგენტოს სურვილი იყო, მათ შორის, ჩვენიც. გამარჯვების შემდეგ, ალბათ, გაასმაგდა პროექტის დასრულებაზე მუშაობის სურვილი და პასუხისმგებლობა. ყოველთვის შეიძლება თქვა, რომ დღეს რომ ვიწყებდე თავიდან იმავეს კეთებას, გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრ რამეს გავითვალისწინებდიო, თუმცა მე ამას არ ვიტყოდი, პროექტი იმ მომენტში გააზრებულ იდეებზე დგას, რასაც ჩვენ შეიძლება გამოცდილება დავარქვათ. 
დეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: „2010 წლიდან საქართველოს მხრიდან საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანულმა მხარემ ეს ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენც საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტზე მომუშავე გუნდმა მაქსიმალურად გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რაც დარწმუნებული ვარ, 2018 წელს საკმაოდ დიდ წარმატებას მოგვიტანს. წელს კი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 15 ოქტომბერს, საფრანგეთის პავილიონში, ოფიციალურად გადმოგვეცემა საპატიო სტუმარი ქვეყნის გრაგნილი“. 

პროექტზე მუშაობდნენ: 
პროდუსერი და არტ დირექტორი 
დავით რიკიაშვილი 

კრეატიული ჯგუფი: 
ანი ასათიანი 
ელენე ჭავჭანიძე 
მარიამ ფერიშვილი 
ანი ყურაშვილი 
ეთო გზირიშვილი 
ნესტან ნიჟარაძე 
ლიზა ასათიანი 
თეა გოროზია 
ზურა ჯიშკარიანი 
სანდრო ოტიაშვილი 

ლოგოს და საფირმო სტილის კრეატივ დირექტორი: გიორგი ბოხუა 
ბრენდბუქის და საფირმო სტილის ავტორი: თაკო ჭაბუკიანი 
საფირმო სტილის დიზაინი: კახა კახაძე 

გრაფიკოს დიზაინერები: 
თორნიკე ბოკუჩავა 
თაკო ჩხაიძე 

33 ისტორია: 
მწერალი: აკა მორჩილაძე 
თარგმანი: დონალდ რაიფილდი 

კონსულტანტთა ჯგუფი: 
ლაშა ბაქრაძე 
რატი ამაღლობელი 
ირენა პოპიაშვილი 
ვატო წერეთელი

MARKETER.GE




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.