ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსმა ტურისტებმა აფხაზეთი ყირიმით ჩაანაცვლეს – რატომ აღარ ჩადიან დამსვენებლები აფხაზეთში?
23 ივნისი, 2017

„რუსები  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კომფორტულად თავს ვერ გრძნობენ, შესაბამისად, იქ არც ტურიზმისთვის საჭირო სერვისებია განვითარებული"- ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბრისას კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი საუბრობს.  რამდენიმე კვირის წინ აფხაზურ და რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს ოკუპირებულ რეგიონში ტურისტების რაოდენობამ 70-80%-ით იკლო.

აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის მკვეთი შემცირების საკითხი „აფხაზეთის ტურიზის კავშირის" წევრებმა განიხილეს. ტურისტული სააგენტოს „აფსუა-ტურის" დირექტორმა ელიზავეტა მალანიამ განაცხადა, რომ ეს ტენდენცია უკვე აშკარაა და შეეხო თითქმის ყველა კომპანიას.

„ყველა ტუროპერატორმა აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადი მკვეთრად შემცირდა. მაისში თითქმის არავინ ჩამოსულა. ივნისშიც ცოტა ვიზიტორი გვყავს. 2016 წელს ჩვენი კომპანია მოემსახურა 270 სტუმარს, ამჟამად კი - მხოლოდ 70-ს" - განაცხადა მან.

„კომერსანტი" დაინტერესდა, რატომ დაიწყო აფხაზეთში ტურისტული სეზონი ტურისტების გარეშე და რატომ აღარ ჩადიან დამსვენებლები ოკუპირებულ რეგიონში?

კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი განმარტავს, რომ ტურისტების კლების თვალსაზირისით, ძალიან დიდი გავლენა აქვს ძირითად კონფლიქტს, რომელიც 1992-1995 წლებში და 2008 წლის აგვისტოში განვითარდა. მისი მტკიცებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე თუ ვინმე ჩადიოდა როგორც ტურისტი, ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან გამომდინარე.

„აფხაზეთში ფრანგი, ავსტრიელი და ევროპელი ტურისტი არ ჩასულა და არ დაუსვენია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად, რუსეთის არაცენტრალური ქალაქებიდან, ე.წ. პუტიოვკების საფუძველზე ჩადიოდნენ ტურისტები. ეს ტენდენციურად შენარჩუნებული იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახერხა ყირიმთან დაკავშირებული საკითხების ოკუპირება, რუსული სახელმწიფო მანქანა გადაერთო ყირიმის მიმართულებაზე. ამიტომ რუსეთის სახელმწიფომ ჩართო მარკეტინგული პროპაგანდა.სპეციალური რგოლებიც კი მომზადაა. ამან უფრო მოაკლო  აფხაზეთს ტურისტული ნაკადი"-აცხადებს ჩარგეიშვილი.

მისი მტკიცებით, ამას ემატება ის, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ მოუგვარებელია და დღემდე დაურეგულირებელია ქართული სახელმწიფოს მექანიზმები საერთაშორისო არენაზე. როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, ასევე აღსანიშნავია, თავად დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კრიმინოგენური სიტუაციის არსებობა.

„რუსები აფხაზეთის ტერიტორიაზე კომფორტულად თავს ვერ გრძნობენ, შესაბამისად, არც ის სერვისებია განვითარებული, რაც ტურიზმს სჭირდება. სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებებით პერიოდულად ვრცელდება ხოლმე რუსი ტურისტების მიმართ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის დამოკიდებულება და კონფლიქტები. ამიტომ, დღეს აფხაზეთში სერვისი ნულის ტოლიც კი არ არის. როდესაც შარშან კრიზისი შეიქმნა რუსეთ-თურქეთთან მიმართებაში, იყო ისეთი მოლოდინი, რომ გარკვეული ნაკადი აფახაზეთის ტერიტორიაზე წავიდოდა, თუმცა, აფხაზეთში კურორტებმა ვერ შესთავაზეს მათ ისეთი ხარისხის სერვისი,რაც ცივილიზებულ სამყაროში სასტუმროს ბიზნესებში არსებობს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, აფხაზეთის კურორტებზე ჩასვლა აღარავის არ უნდა. "-აცხადებს ჩარგეიშვილი.

მისი მტკიცებით, ამას ემატება კვება და ამ მხრივ მოუწესრიგებელი ლოჯისტიკა. ჩარგეიშვილის განცხადებით, იქაური სოფლის მეურნეობა და ინდუსტრია ვერ უძლებს იმას, რომ ნორმალურად გამოკვებილი იყოს ტურისტების ის რაოდენობა, რაც იქ მიდის.

მისივე განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა აფხაზეთში საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან გამომდინარე არ იყო სასტუმრო ტურიზმი. ეს უფრო იყო გამაჯანსაღებელი შენობები და ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს მოქმედი სასტუმროს სტანდარტებს არანაირად არ შეესაბამება. "წლების წინ არსებული შენობები ამორტიზებას განიცდიან. ახალი თანამედროვე ტიპის სასტუმრო, სადაც ოჯახი მივა და დაისვენებს, არ აშენებულა. იქ არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოხდა გარკვეული სერვისების მიწოდება და ისიც უხარისხოდ და არასრულად"-აცხადებს ჩარგეიშვილი.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.