ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
3- წლიანი პაუზის შემდეგ ახმეტაში სასტუმრო-კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობა ისევ დღის წესრიგში დადგა
12 იანვარი, 2018

ახმეტაში სასტუმრო-კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობა ისევ დღის წესრიგში დადგა. დაახლოებით სამწლიანი პაუზის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება და ინვესტორი კომპანია თანამშრომლობისთვის მზადაა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ლუხუმი შეთეკაური აცხადებს, რომ ახმეტის წინა მოწვევის საკრებულოს და მერიას არ ჰქონდა „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობის და განვითარების ნება.

ლუხუმი შეთეკაური აცხადებს, რომ დღეს სიტუაცია სრულიად შეიცვალა და ახმეტის მუნიციპალიტეტი ინვესტორი კომპანიისგან შეთავაზებას ელოდება, რის შემდეგაც უკვე საკითხი საკრებულოს სხდომაზე გავა. „ჩვენ უკვე მასალები გამზადებული გვაქვს, როგორც კი შემოვა ინვესტორის ინიციატივა, საკრებულოში გადავაგზავნით და პირველივე სხდომაზე განიხილება. დღეს მუნიციპალიტეტში სხვა განწყობაა და ის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საინტერესო წინადადებაა“-აცხადებს შეთეკაური.

მისი ინფორმაციით, როდესაც ახმეტის საკრებულოსგან პროექტისთვის საჭირო 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე თანხმობას იქნება, უკვე მიწის ღირებულებაც განისაზღვრება. შეთეკაურის განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზეა. საკრებულოს თანხმობის შემდეგ კი გამოცხადდება პირობითი აუქციონი, რომელში გამარჯვებულიც პროექტს განახორციელებს.

როგორც ცნობილია, პროექტის განმახორციელებით სამშენებლო კომპანია White Group-ია დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი, გიორგი გონჯილაშვილი მცირე კომენტარით შემოფარგლა და განაცხადა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში შეთავაზებას რამდენიმე კვირაში შეიტანს. შედეგად, პროექტს ირგვლივ დამატებით დეტალებზე საუბარი უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ბახტრიონ რიზორთის“ განვითარებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორის, გიორგი გონჯილაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ახმეტაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო კომპლექსი „ბახტრიონი რიზორთი“უნდა აშენებულიყო, გამგეობის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორი ჯგუფმა“, თქვა უარი.

რაც შეეხება ინვესტიციას, თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის განვითარებაზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით,ინვესტიციის ოდენობა გაორმაგდა.

სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.