ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს საერთაშორისო ვიზიტების 80%-ი უკვე დაიბრუნა – მედეა ჯანიაშვილი
10 აგვისტო, 2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის მხრივ ქვეყანას საკმაოდ დადებითი მაჩვენებლები აქვს.

მისი თქმით, საქართველომ უკვე მოახერხა და პანდემიამდე არსებული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ი დაიბრუნა. “ჩვენ ივლისის თვეში პოზიტიური შედეგები გვაქვს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საერთო მოცულობაში ტურისტული ვიზიტების წილი მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი. მაგალითისთვის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში საერთაშორისო ვიზიტორების წილი 67%-ით არის აღდგენილი, ხოლო ტურისტული ვიზიტები 80%-ით, რაც პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ვიზიტორები მოვიზიდეთ.

განსაკუთრებით სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ 2019 წელთან მიმართებაში არამხოლოდ აღდგენა გვაქვს, არამედ სახეზეა ზრდა გარკვეული მიზნობრივი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, რაც ძალიან ოპტიმიზს გვაძლევს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვიზიტორების რაოდენობა და კიდევ უგფრო მეტი შემოსავალი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას ტურიზმიდან.

რაც შეეხება ევრპოპას, ევროპის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნობრივი ბაზარია. განსაკუთრებით გააქტიურებულია პოლონეთი და გერმანია და ამ მიმართულებებიდან ზრდა გვაქვს. საერთო შემოსავლების წილში ამ ქვეყნების წილი საკმაოდ მაღალია. სავარაუდოდ ევროპა კიდევ უფრო გააქტიურდება იმის ფონზე რომ გვაქვს აქტიური მარკეტინგული კამპანიები“, – განმარტავს მედეა ჯანიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს.

ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი.

2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით +214% – ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა.
2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.