ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში კიდევ ერთი ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება
05 მარტი, 2021

გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, იწყებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის.


აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ.


ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის.


გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.


გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)” ნაწილია.


ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წლებია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.