ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"შირაქი" ევროპული ყველის და იოგურტის წარმოებას იწყებს
23 იანვარი, 2024

ყველის საწარმო ,,შირაქი" ასორტიმენტს აფართოებს და ქართული ტრადიციული ყველის პარალელურად ევროპული ყველის და იოგურტის წარმოებას იწყებს.  როგორც კომპანიის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე ,,ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროექტზე მუშაობა დაწყებულია და ,,შირაქის" ახალი პროდუქტები გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება.

,,მოცარელა, გაუდა, ჩედარი საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ევროპული ყველია. ჩვენც ამ სეგმენტში შემოვალთ. ამ ეტაპზე წარმოების გადაიარაღების პროცესში ვართ და როცა დასრულდება, დაახლოებით წლის ბოლომდე მზად ვიქნებით ევროპული ყველის და იოგურტის წარმოებისთვის. ჩვენი მიზანია იმპორტული ყველი ჩავანაცვლოთ ბაზარზე იმ მოცულობით, რის რესურსსაც ჩვენი საწარმოს წლიური წარმადობა მოგვცემს. ევროპული ყველის ბაზრის კვლევა დაახლოებით  5 წლის წინ ჩავატარეთ, მაშინ მოთხოვნა ნაკლები იყო, თუმცა ტენდენციას ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ამ კატეგორიის ყველის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ წარმოება და იმპორტულ პროდუქტს დავახვედროთ ევროპული ტექნოლოგიით, ქართული რძისგან დამზადებული ევროპული ყველი, რომლის რეალიზაციასაც ყველა წამყვან ქსელში მოვახდენთ", - განმარტა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ამჟამად კომპანია რამდენიმე დასახელების ყველს  და რძის პროდუქტებს აწარმოებს. მათ შორისაა,  შირაქის სულგუნი, შებოლილი სულგუნი, შირაქის ქართული ყველი, შირაქის იმერული ყველი "ექსტრა",შირაქის ნადუღი და სხვა. წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მცირე ნაწილი კი ექსპორტზეც გადის. 

ბენიაიძის ინფორმაციით, ევროპული სტანდარტის დანერგვის მიზნით ,,შირაქი"თანამშრომლები  კონსულტაციებს ფრანგ სპეციალისტებთან გადიან.  პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიონი ლარია. 

ცნობისთვის, ,,შირაქი" წლიურად 2 მლნ ლიტრ რძეს გადაამუშავებს, საიდანაც 200 ტონა ყველის მიღებაა შესაძლებელი. კომპანია  2012 წელს დაფუძნდა.  საწარმო თბილისში, სამგორის ქუჩაზე მდებარეობს, თუმცა წლის ბოლომდე ლოკაციას შეიცვლის და გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადავა. ,,შირაქი" სტაბილურად 50 ადამიანს ასაქმებს.   კომპანიის საკუთრებაშია დედოფლისწყაროში მდებარე ფერმა. წარმოებისთვის კომპანია  რძეს ადგილობრივი ფერმერებისგანაც იბარებს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.