ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუხმან ვაინს ჯორჯია ღვინის სპას მიმართულების განვითარებას იწყებს
16 დეკემბერი, 2015
ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია" ველნეს ტურიზმის განვითარებას იწყებს. როგორც „კომერსანტს" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, ეს იქნება „შუხმანის ღვინის სპა", რომლის დიზაინსა და განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ეს იქნება სარელაქსაციო, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი პროცედურები. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ადგილობრივი ბრენდი, გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით. სპა მიმართულება საქართველოში ახალი განხრაა და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჩვენივე რესურსს ვიყენებთ - პროცედურებისთვის გამოვიყენებთ ჩვენივე შექმნილ ყურძნის წიპწის ზეთს და იმ ტალახებს, რომელიც კახეთში მოიპოვება. გვინდოდა პროდუქტიის იმპორტი არ განგვეხორციელებინა და გადავწყვიტეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ღვინის სპას ესაჭიროება, ჩვენით ვაწარმოოთ", - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი და აღნიშნავს, რომ ღვინოსთან დაკავშირებული გამაჯანსაღებელი პროცედურების შესაქმნელად მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, ეს სფერო ეგრეთწოდებული „ლაქშერი" მიმართულებაა. მომსახურების ფასები საშუალოზე ოდნავ მაღალი, თუმცა კომპლექსის სტუმრებისთვის აუცილებლად ხელმისაწვდომი იქნება.

„ღვინის ტურიზმი მაღალი დონის სერვისის სფეროში გადის, თუმცა ჩვენი მიზანია, ეს მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ასეთი სალონები საზღვარგარეთ არაერთ კურორტზე არსებობს და სტუმრებისთვის ძალიან საინტერესო სერვისია. გვინდა ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებებით წარვსგეთ", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ღვინის სპა „შუხმან ვაინს ჯორჯიას" კახეთში მდებარე კომპლექსს მომავალი სეზონიდან შეემატება. მოკლევადიან პერსპექტივაში კი კომპანია იმავე პროექტის თბილისში განხორციელებასაც გეგმავს. 

ავტორ(ებ)ი : მარიამ მჭედლიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.