ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიგრილისა და გრილი სასმელების დღესასწაული მთაწმინდის პარკში
07 აგვისტო, 2018

ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე უკვე დაიწყო. მთაწმინდის პარკი კვლავინდებურად ყველაზე კარგი საშუალებაა მზისგან თავის შესაფარებლად.

პარკის ადმინისტრაცია სტუმრებს მხოლოდ ბუნების სიმდიდრის ამარა არც ამჯერად ტოვებს და კიდევ ერთ ღონისძიებას მართავს.

პარკი ამჯერად სტუმრებს სიგრილის დღეზე ეპატიჟება, ყველაზე გრილი დღე კი მთაწმინდის პარკში 12 აგვისტოს იქნება. 

სტუმრებს ამ დღეს ზაფხულის სიცხისგან თავის დასაღწევად მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე ელოდებიან და უამრავ გრილ სასმელს, შეიკებს, ნაყინსა და გაზიან სასმელებს შესთავაზებენ, სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სახლის ლიმონათები.

ღონისძიების ლოკაციაზე წარმოდგენილი იქნება კაფე-ბარები. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ცივი სასმელი და მოუსმინონ სასიამოვნო მუსიკას. 

„მთაწმინდის პარკი“ ფესტივალების ადგილად უკვე კარგა ხანია იქცა. ზაფხულის განმავლობაში პარკმა ნაყინების, ყველის, ჩაის, თაფლისა თუ ღვინის ფესტივალს უკვე უმასპინძლა და მომავალშიც უამრავ სიურპრიზს შემოგთავაზებთ.

გარდა ფესტივალებისა და სხვადასხვა ღონისძიებისა, „მთაწმინდის პარკი“ მზად არის ყოველდღე, გვიან ღამემდე გიმაპინძლოთ. მით უმეტეს, რომ მთაწმინდის პარკს 10 თვის შემდეგ ისევ „დაუბრუნდა“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატრაქციონი, 44 გონდოლიანი „გიგანტური ბორბალი“. ბორბალი სარეკონსტრუციო სამუშაოების მიზნით დაიშალა და შემოწმდა ყველა კონსტრუქცია. შეიღება გონდოლები და მთლიანად კონსტრუქცია.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის პარკი წელს 80 წლის გახდა. ასევე შეგახსენებთ, რომ პარკი ზღვის დონიდან 770 მეტრზეა და სიგრილეც აქ უფრო საგრძნობია, პარკის კუთვნილებაში არსებულ 100 ჰექტარზე. აქ კაფეებისა და ატრაქციონების დიდი არჩევანია როგორც პატარებისთვის, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.