ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობაში „პრეზიდენტ ოტელის“ გახსნა იგეგმება“ - ბჟანია
12 ოქტომბერი, 2023

სოხუმში მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობაში (აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარი შენობა), სავარაუდოდ, სასტუმრო „პრეზიდენტი“ გაიხსნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა მოსკოვში, აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას.

„არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ინვესტიცია ჩადონ მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. დაინიშნა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, თუ მისი დანგრევა მოგვიწევს. მოვა ექსპერტიზის პასუხი და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ. ვფიქრობ, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ რომ არიან დაინტერესებული ინვესტორები“, - აღნიშნა მან.

ბჟანიას თანახმად, საუბარია „პრეზიდენტ ოტელის“ გახსნაზე, ასევე ვლადისლავ არძინბას სახელობის მოედნისა და "აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის“ დადგმაზე.

ბჟანიას ინიციატივას გამოეხმაურა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქი“. მათი განცხადებით, მიუღებელია „ომში გამარჯვების სიმბოლოს“ გადაქცევა „სხვა საინვესტიციო ობიექტად“.

სოხუმში დღემდე არ აღუდგენიათ 1993 წელს ომის დროს დამწვარი მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობა.

მანამდე რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზამ" გაავრცელა ინფორმაცია რუსი მკვლევრების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული შენობების მდგომარეობის შესწავლის შესახებ. მათ შორის იყო მინისტრთა საბჭოს შენობაც. მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კომენტირებისას „აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა რომან დბარმა განაცხადა: „ნამდვილად აზრი არ აქვს იქ ნანგრევების მეოთხე სართულამდე შენარჩუნებას და მასზე რაიმეს დაშენებას“.

radiotavisupleba.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.