ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სვანეთში მიმდინარე წელს ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბი და კოშკია რეაბილიტირებული
21 ნოემბერი, 2017

სვანეთში, ჩაჯაშში მიმდინარე წელს ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბი და კოშკი რეაბილიტირდა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვალა და განახლდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, გამოფიტული კედლების საპირე წყობა დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშალა და ხელახლა აღდგა კირ-დუღაბით. მშრალი ქვის წყობის ბზარები შეივსო და ფარული რკინა-ბეტონისა და რკინის სალტეებით გამაგრდა. სრულად შეიცვალა გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა და ანტისეპტიკურად დამუშავდა. მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები გაძლიერდა კირ-დუღაბის ხსნარით. მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები სრულად აღდგა იატაკის ფენილი მრგვალი ხე-მასალით. რიგ შემთხვევებში შეიცვალა ხის კარები, რომლებიც ავთენტური ფორმით დამზადდა და ნაჭედი რკინა-კავეულით მოეწყო. ფიზიკური სამუშაოების პროცესს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლის გაზაფხულიდან განაახლებს. 

სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აგრძელებს უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესს. 

კომპლექსური სამუშაოები, რომელიც სვანურ სოფელში სააგენტოს 2014 წლიდან აქვს დაწყებული, 2020 წელს დასრულდება. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ჩაჟაშში მდებარე 50 მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე 30 ზე მეტი ისტორიული ძეგლი სრულად აქვს აღდგენილი.
რეაბილიტაციის პროცესს, 2016 წლიდან, სააგენტო თანადაფინანსების სახით ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტებში, სახელმწიფო უწყების ერთე-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაციაა.

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.