ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"თბილღვინო" რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს
05 აპრილი, 2022

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ რუსეთში ექსპორტს აჩერებს.  აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.

როგორც "თბილღვინოს" დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, ბოლოდროინდელი მოვლენები და ამით გამოწვეული გლობალური წნეხი რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და ზოგადად, დიდ ცვლილებას მოასწავებს ლოგისტიკურ ჯაჭვშიც.

"ამასთან, ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის საბანკო და ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას.

უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან, კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების განხილვა , მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე“-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი. 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთში და ზოგადად, რეგიონში რთული და არაპროგნოზირებადი სიტუაცია შეიქმნა, რაც რეპუტაციულ რისკთან ერთად, ბიზნესის წარმოებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის.

კომპანიის სტრატეგია დღეს, ისევე როგორც წარსულში, აგებულია ბაზრების დივერსიფიცირებაზე, მაღალხარისხიანი და მოთხოვნადი პროდუქტის წარმოებაზე, ქართული ღვინის და „თბილღვინოს“ პოპულარიზებაზე.

"თბილღვინოს“ დამფუძნებელი გაგა მარგველაშვილი განმარტავს, რომ კომპანიის მიზანი ყოველთვის იყო, რომ ქართულ ღვინოს იცნობდნენ და აფასებდნენ მთელს მსოფლიოში. დღეისთვის, „თბილღვინო“ ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერია. მისი პროდუქცია წარმოდგენილია მსოფლიოს 30 ქვეყანაში.

"მიუხედავად ამისა ვაპირებთ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი, გავზარდოთ გაყიდვები არსებულ და ახალ ბაზრებზე, ასევე მოვნახოთ ალტერნატიული ლოგისტიკური არხები როგორც ექსპორტისთვის, ისე იმპორტისთვის“-აცხადებს გაგა მარგველაშვილი. 

მიუხედავად რეგიონში არსებული კრიზისისა, კომპანია აგრძელებს მუშაობას წარმოების გაფართოებაზე, კორპორატიული მმართველობისა და ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გაუმჯობესებული მეთოდების დანერგვაზე, თანამედროვე ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის სისტემების ბიზნესპროცესში ინტეგრირებაზე. ამ მომენტისთვის "თბილღვინო" მოლაპარაკებას აწარმოებს მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რაც დიდ საინვესტიციო შესაძლებლობას იძლევა და კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს არასტაბილური და რისკიანი ოპერაციების მინიმუმამდე დაყვანა.

კონფლიქტის დაწყების დღიდან „თბილღვინო” რეგულარულ კონტაქტზეა პარტნიორებთან უკრაინაში, რომ მათგან მოისმინოს ის ჰუმანიტარული საჭიროებები, რისი გადაჭრაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. კომპანიამ ომის პირველივე კვირაში გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელ პარტნიორებთან.

"თბილღვინოს" დამფუძნებლის, ზურაბ მარგველაშვილის ინფორმაციით, მთავარი, რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და დახმარებაა.

"ჩვენ ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთებს უკრაინაში, კომპანიისა და ჩვენი თანამშრომლების სახელით ვაკეთებთ დონაციას სპეციალურად შექმნილ ფონდებში და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლებას"-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი. 

შეგახსენებთ,“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 

“თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

„თბილღვინოს“ ვენახების ფართობი 405 ჰექტარს შეადგენს. ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამურად, თბილისში და კახეთის რეგიონში, „თბილღვინოში“ 500-მდე ადამიანი მუშაობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.