ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ზღვა – დედაქალაქის უდიდესი საგანძური
29 აგვისტო, 2017

გლდანის მახლობლად, მახათას თხემის უკან, მდებარეობს ხელოვნური წყალსაცავი – თბილისის ზღვა, 31 მლნ კბმ წყლის ტევადობით, რომელიც 1951 წელს თბილისის აღმოსავლეთით გადაშლილი გვალვიანი სამგორის ველის მოსარწყავად შეუქმნიათ. სამგორის ველზე ძალიან ცოტა ნალექი მოდიოდა, სულ რაღაც 400 მმ წელიწადში.

ამ ველის სახელწოდებაში შემონახულია ძველი ისტორიის ტრაგიკული შემთხვევა. ლეგენდის თანახმად, ვახტანგ გორგასლის მეფობაში ამ ადგილზე, ციხე-ქალაქ უჯარმის კედლებთან, ქართველის სპარსელებთან გადამწყვეტი ბრძოლა მომხდარა. სამშობლოს დამცველთა საძმო საფლავზე წარმოქმნილი სამი დიდი ყორღანი, „სამი გორა“ ამას გვაუწყებს თურმე.

წყარო: გიორგი ხუციშვილის “ჩემი თბილის ქალაქი”თვითონ ზღვაც ისტორიულ ადგილზეა შექმნილი. წარსულში აქ ყოფილა ეგრეთ წოდებული მლაშე ტბები, სადაც თბილისელი მუშები იკრიბებოდნენ მაისობაზე და საიდუმლო კრებებზე.

წყალსაცავში ზემო მაგისტრალის არხით მიედინება გამჭვირვალე – ზურმუხტისფერი ივრის წყალი. არხის ვარდნილებშიმოწყობილია სამი მომცრო ელექტროსადგური. მორწყვამ სამგორის ველი ააღორძინა სამეურნეო ცხოვრებისათვის. 4000 ჰექტარ ფართობზე გაჩნდა მეურნეობები და ახალი დასახლებანი, რომლებიც ვენახებითა და ხეხილიანი ბაღებით არის გარშემორტყმული. თბილისის ზღვის ნაპირები ზაფხულობით ბანაობისა და გარუჯვის ბევრ მსურველს იზიდავს.

საბჭოთა ეპოქაში თბილისის ზღვაზე ფუნქციონირებდა საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი „ოქროს საწმისი“, ტურისტული სასტუმრო – რესტორანი „იორი“, რომლებშიც დღეს დევნილები ცხოვრობენ. იქვე ახლოს იგეგმებოდა „თევზის სახლის“ აშენება, სადაც ასევე უნდა გაეხსნათ მუზეუმი და რამდენიმე ვეებერთელა აკვარიუმი საქართველოს მდინარეებისა და ტბების ბინადრებით.

დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის უმნიშვნელოვანესი საგანძურია ზღვის მიმდებარე მიწებზე, 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. პარკი 1956 წელს შექმნა. აქ შეხვდებოდით მარადმწვანე კორპიან მუხის ჭალას, არყისა და ძეწნის ნარგავებს. კაკლის ჭალაში ჩვეულებრივ ბერძნულ კაკალთან ერთად შესანიშნავად გრძნობდნენ თავს იაპონური, შავი და სხვა ჯიშის კაკლის ხეები.

ეს ეგზოტიკური ხეები ჯგუფებად ირგვება. სექვოის, კრიპტომერიის, ვერცხლისებრი ნაძვის, იტალიური ფიჭვის კუთხეებთან ერთად, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძელქვის კუთხე. ოდესღაც კავკასიის მთებში გავრცელებული მესამეული პერიოდის ეს რელიქტური ხეები, 30 მეტრ სიმაღლეს აღწევენ და განთქმული არიან სიმტკიცით, რისთვისაც მიიღეს კიდეც სახელწოდება – „ძელქვა“.

​დენდროპარკის ფრთოსანთაგან, ყველაზე მეტად განებივრებული არიან კავკასიის ძველი ბინადარნი – ხოხბები, რომლებისთვისაც შექმნილია სპეციალური „სასუსნავი“, სადაც აშენებენ კვრინჩხსა და ქაცვს. დენდროპარკის მწვანე სერები და ფერდობები შესანიშნავი ადგილებია დასასვენებლად. აქ შეგიძლიათ დიდხანს ისხდეთ, დატკბეთ წყალსაცავის მოსარკულიზედაპირისა და მასზე მოსრიალე ნავებისა და კატერების ცქერით.

პარკი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა.
2006 წლიდან თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადავიდა.

წყარო: გიორგი ხუციშვილის “ჩემი თბილის ქალაქი”

kvira.ge

ინტერენეტ და ბეჭდვითი ჟურნალების „ახალი აგრარული საქართველო“ agronews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.