ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონზე სანატორიუმი „მედეა“ და „თბილისი“ გაიყიდა
05 აგვისტო, 2022

მთავრობამ  პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში აუქციონზე გამოტანილი 14 ობიექტიდან მხოლოდ 2-ის გაყიდვა მოახერხა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ინვესტორი გამოუჩნდა ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ და „თბილისს“.

„ელექტრონული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ - შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.

რაც შეეხება დანარჩენ სანატორიუმებს, მათზე აუქციონების ვადა გახანგრძლივდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესსექტორის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და თხოვნის შედეგად იქნა მიღებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.


აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაციას იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Rrzyym


წყალტუბოს ახალი სიცოცხლე პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.


პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.


წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას“, — აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მთავრობის გეგმის თანახმადვე, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.