ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ტურიზმის ადმინისტრაციამ ერთი და იგივე ტენდერი ხელმეორედ გაორმაგებული ფასით გამოაცხადა»
30 იანვარი, 2018
ტურიზმის ადმინისტრაციამ ერთი და იგივე ტენდერი მეორედ გაორმაგებული ფასით გამოაცხადა,- ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 2016 წელს ეხება. 

დოკუმენტაციის მიხედვით, თავდაპირველად გამოცხადდა ტენდერი 45 ათასი ლარის ოდენობით, რომლის მიხედვითაც ღვინის ტურიზმის ობიექტებისათვის საგზაო მანიშნებლების მოსაწყობად საჭირო საპროექტო მომსახურება უნდა შესყიდულიყო. აღნიშნული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. იმავე მოცულობის სამუშაოებზე ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი შესყიდვის ღირებულებად მითითებული იყო 101 ათასი ლარი. 

საბოლოოდ, ტურიზმის ადმინისტრაციამ მომსახურება 80 ათას ლარად შეიძინა. 

"ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ღვინის გზის პროექტის ფარგლებში, ღვინის ტურიზმის ობიექტებისათვის საინფორმაციო მაჩვენებელი საგზაო მანიშნებლების მოსაწყობად საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2016 წლის 21 მარტს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 45,000 ლარი. ტენდერში მონაწილე ორი პრეტენდენტიდან უმცირესი ფასის წარმომდგენმა კომპანიამ არ შეასრულა სატენდერო კომისიის მოთხოვნა ინფორმაციის დაზუსტების შესახებ, რის გამოც დისკვალიფიცირდა. დისკვალიფიკაცია მიენიჭა ასევე მეორე პრეტენდენტსაც, რადგან საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების დაპროექტების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებლად წარმოდგენილი ინფორმაციიდან, სატენდერო კომისიამ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილთან შესაბამისად მიიჩნია მხოლოდ ორი წლის მონაცემები. ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. 

აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით 2016 წლის 16 მაისს კვლავ გამოცხადდა ტენდერი, თუმცა უკვე განსხვავებული პირობებით, კერძოდ ამოღებული იქნა 2.5.3 პუნქტით მოთხოვნილი საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების/მანიშნებლების დაპროექტების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, ხოლო სავარაუდო ღირებულება გაიზარდა 45,000 დან 101,000 ლარამდე იმავე მოცულობის სამუშაოზე. ხელშეკრულება გაფორმდა 80,801 ლარზე უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტთან”,- ნათქვამია დოკუმენტში.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.