ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თურქეთის საზღვრის ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება
17 იანვარი, 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმციას შს სამინისტრო ავრცელებს. 

"მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

ასევე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ასევე განხილული იქნება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით",-ნათქვამია განცხადებაში. 

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წ. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება. პირებს, რომლებიც დღის განმავლობაში გადაკვეთენ საზღვარს და უკან დაბრუნდებიან, თურქეთის ტერიტორიაზე გატარებული რამდენიმე საათი ერთ დღედ ჩაეთვლებათ. არსებული კანონმდებლობით კი, ვიზით ან უვიზო რეჟიმით თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში. ახალი რეგულაციების შედეგად, პირებს, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ და თურქეთში მუშაობენ, ბინადრობის ნებართვის აღება მოუწევთ, რადგან ამ საბუთის გარეშე წლის განმავლობაში მხოლოდ 90-ჯერ შეეძლებათ საზღვარზე გადასვლა.

აღნიშნულ ცვლილებას აპროტესტებს აჭარის მოსახლეობის ნაწილი. მათ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან აქცია დღეს გამართეს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.