ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"უცხოელი ტურისტების დიდ სიმცირეს განვიცდით" - მეტეხარა
05 მარტი, 2024

რაჭაში მდებარე სასტუმრო "მეტეხარას"  დამფუძნებელი ლელა ბერაძე უცხოელი ტურისტების სიმცირეზე საუბრობს და მიზეზსაც განმარტავს.

როგორც ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რაჭის ცნობადობა გლობალური მასშტაბით მცირეა, არ კეთდება რეკლამა და ინტერესიც დაბალია. თუმცა ადგილობრივი ტურისტებისთვის რაჭა საკმაოდ პოპულარული კურორტია.

ლელა ბერაძის ინფორმაციით,  აქცენტი წელსაც, სავარაუდოდ, ქართველ დამსვენებლებზე გაკეთდება.

‘’აქტიურ სეზონს მაისიდან ვიწყებთ. მოლოდინი ჯერჯერობით დადებითია.  ძირითადად ქართველები გვსტუმრობენ და ასეა  მთელი წლის განმავლობაში. რაც შეეხება უცხოელებს, დამსვენებლებს რუსეთიდან და უკრაინიდან ველოდებით. ევროპიდან კი მეტნაკლებად აქტიურია პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა.  ასეთი ტენდენცია იყო შარშან და 2024 წელსაც ეს მოცემულობა გვექნება. სანამ მარკეტინგული კამპანია არ გაძლიერდება და რაჭის პოპულარიზაციას არ მოახდენენ, ყოველთვის გვექნება უცხოელი ვიზიტორების სიმცირე. უფრო მეტად ცნობილია სვანეთი, კახეთი, ყაზბეგი და აჭარა. რაჭაში სასტუმროები, რამდენიც არ უნდა ვიყოთ და როგორი მუშაობაც არ უნდა გავწიოთ, შედეგი არ გვექნება, შესაბამისი ნაბიჯები სახელმწიფომ უნდა გადადგას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ტურისტული კომპანიებიც, ჩვენი ძალისხმევა არასაკმარისია“, - აცხადებს ლელა ბერაძე.

მისი თქმით,გასულ წელს შოვის ტრაგედიამდე, აგვისტო-სექტემბრის პერიოდი 100%-ით დატვირთული იყო, მაგრამ ცნობილი მოვლენის გამო, დატვირთულობა ერთბაშად განახევრდა.

,,მეტეხარას“ ხელმძღვანელი სექტორში არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა, კონკურენტებად კი საოჯახო სასტუმროებს მოიაზრებს, რომლებიც ბოლო წლებში გამოჩნდნენ ბაზარზე.

სასტუმროს სერვისებს შორისაა აუზი და რესტორანი, რომელიც მომხმარებლებს თითქმის ყველა კუთხის სამზარეულოს სთავაზობს.

''მეტეხარას" წლევანდელ გეგმაშია ეკომეგობრული პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სასტუმროს  მზის პანელებით აღჭურვას. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $ 16 000-ს შეადგენს.

ცნობისთვის,  ‘’მეტეხარა“  ამბროლაურში 2013 წელს დაფუძნდა. სასტუმროში 34 განთავსების ადგილია.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.