ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უკრაინული Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აპრილის ბოლოდან გეგმავს
30 მარტი, 2021

ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას ინტენსიურად განიხილავს. ავიაკომპანიის ბიზნესგეგმის მიხედვით, უკრაინის ქალაქებიდან Bees Airline თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განიხილავს ოპერირებას. ავიაკომპანიის სურვილია, რომ კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აპრილის ბოლოდან შეუდგეს, ხოლო ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე კი მაისის დასაწყისიდან.

რაც შეეხება ბათუმის მიმართულებას, Bees Airline კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებას 9 ივნისიდან აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია კიევსა და ბათუმს შორის ყოველდღიურად განახორციელებს.


აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.

Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.

Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.

www.avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.