ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ვგეგმავთ, მომავალი წლის ზაფხულიდან თელავის აეროპორტი ოპერირებისთვის მზად იყოს" - ქარქაშაძე
05 დეკემბერი, 2023

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსის ვადა 28 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კონკურსის გაგრძელების მიზეზი, მონაწილეების მიერ დასმული ტექნიკური კითხვები გახდა, რომელიც ავტომატურ გაგრძელებას იწვევს.

მისივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისაც არქიტექტურაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აქვს. მათი შერჩევა კი, ღია პრინციპით მოხდება, რის შემდეგაც, კონკურსის დასრულებიდან უმოკლეს პერიოდში,  კონცეფციის პროექტირება და შემდგომში მისი მშენებლობა დაიწყება.

"ინტერესი უცხოური კომპანიებისგანაც წამოვიდა. ამ ეტაპზე, ორი უცხოური კომპანიაა იდენტიფიცირებული, თუმცა ვინ შემოიტანს განაცხადს, ამის შესახებ 28 დეკემბერს გვეცოდინება, როდესაც შედეგები გაიხსნება.

ვგეგმავთ, მომავალი წლის ზაფხულიდან თელავის აეროპორტი ოპერირებისთვის მზად იყოს. შესაბამისად, მომდევნო წელს, კახეთის რეგიონში შიდა ფრენები ხელმისაწვდომი გახდეს.

პროექტი სხვადასხვა ფაზას მოიცავს. პირველ ფაზაში 25 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და აეროპორტი პირველ ეტაპზე შიდა ფრენებს მოემსახურება. სამომავლოდ, თელავის აეროპორტი მზად იქნება ყველა ავიაკომპანიისთვის, რომელიც კახეთის რეგიონში ფრენით დაინტერესებული იქნება,"- აცხადებს ქარქაშაძე.

რაც შეეხება მშენებლობას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ვარაუდით, ტერმინალების მშენებლობა მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

bp.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.