ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს საგზაო ინფასტრუქტურის მოწყობაზე 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
27 თებერვალი, 2018
წელს საგზაო ინფასტრუქტურის მოწყობაზე, ქვეყნის მასშტაბით, მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ Bm.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა. 

"სამინისტროს ბიუჯეტი წელს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა და მილიარდ 815 მლნ ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი წილი, 70 პროცენტზე მეტი, საგზაო პროექტებზე დაიხარჯება. 2013-2016 წლებში, ამ მიმართულებით, ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარზე ცოტა მეტი იხარჯებოდა, გასულ წელს 870 მილიონზე მეტი გამოიყო, წელს კი დაახლოებით მილიარდ 300 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული” - განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

მისივე განმარტებით, გრძელდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი, წითელი ხიდიდან სარფამდე, რომლის დასრულებაც 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე, მშენებლობა შემდეგ მონაკვეთებზე მიმდინარეობს: სამტრედია-გრიგოლეთის ოთხ ლოტზე, რაც ჯამში 50 კმ-ზე მეტია, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 15 კმ-იან მონაკვეთზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე (18 კმ) და ბათუმის შემოვლით გზაზე (13 კმ). 

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და 2013 წლამდე 70 კმ-მდე გზა აშენდა, 2013-2017 წლებში კი - 120 კმ-ზე მეტი. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, აშენებულია დაახლოებით 190 კმ გზა. 

გარდა ამისა, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რვა მონაკვეთზე, ესენია: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა, ბათუმი (ჭოროხი)-სარფი, რუსთავი-წითელი ხიდი, ალგეთი-სადახლო, გრიგოლეთი-ჩოლოქი. ამ მონაკვეთების საერთო სიგრძე დაახლოებით 140 კილომეტრია. 
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის გარდა, 2018-2021 წლებში განხორციელდება ისეთი მნიშველოვანი პროექტები როგორიცაა: თბილისი-ბაკურციხე, ბაკურციხე-წნორი, გურჯაანი-თელავი, ჟინვალი-ლარსი, ნატახტარი-ჟინვალი, მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა, ბაღდათი-აბასთუმანის გზა, ლენტეხი-მესტიის გზა, ზემო იმერეთი-რაჭის გზა, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას გზა, ძირულა-ჩუმათელეთი, ხულო-გოდერძის უღელტეხილი. ამ გზების ნაწილზე საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზადაა, ნაწილზე კი პროექტირება მიმდინარეობს. ჯამში, ამ გზების საერთო სიგრძე 700 კმ-ზე მეტია.
 
ავტორი: მაია ბიწაძე
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.