ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„წინა წელთან შედარებით როგორც ბაკურიანი ინნ-ში, ასევე გუდაური ინნ-ში ტურისტების ნაკადმა მოიმატა“ - ინნ ჰოსფითალითი
20 მარტი, 2024

როგორი იყო 2023 -2024 წლის ზამთრის სეზონი ტურისტული სექტორისთვის, რა მოლოდინები იყო და რა შედეგი დადგა - თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ინ ჰოსფითალითის კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ ისაუბრა. მისი თქმით 15 მარტისთვის ტურისტების ნაკადმა ნელ-ნელა კლება დაიწყო, თუმცა დეკემბერი, იანვარი და თებერვალი როგორც გუდაური ინნ-ისთვის, ასევე ბაკურიანი ინნ-ისთვის საკმაოდ დატვირთული იყო და წინა წელთან შედარებით მატება დაფიქსირდა.

„ზრდა ორივე ობიექტზე ფიქსირდებოდა და ვფიქრობ, რომ ბიზნესისთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი მომართვიანობა ზამთრის კურორტებზე და ეს არ ეხება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს, არამედ ყველა იმ მიზნობრივ ბაზარზეა საუბარი, რომელზეც ჩვენ ვოპერირებთ. რა მიზნები ჩვენც გვქონდა დასახული აბსოლუტურად შესრულებულია და უფრო მეტიც 3-4%-ით ჭარბობს იმას, რაც გვქონდა დასახული,“ - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება სეგმენტს, ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დამსვენებელი წელსაც საკმაოდ აქტიური იყო, მისივე თქმით, მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო დსთ-ს ქვეყნებიდანაც, ნინა გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით წელს მეტი ევროპელი ტურისტი დაფიქსირდა.

„თითოეულ ობიექტს გააჩნია თავისი მიზნობრივი ჯგუფი და აქ  ჩვენი სტრატეგია სწორად იყო შერჩეული, მხედველობაში მაქვს ღირებულება და შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფი, ვინც შეძლებდა რომ ეყიდა და მიეღო მომსახურება. რაც შეეხება ზოგადად  ფასებს მიუხედავად რიგი ცვლილებებისა  ორივე კურორტზე, ჩვენ ვეცადეთ, რომ ფასები არ გაგვეზარდა, იყო მინიმალური ცვლილებები, რაც  აბსოლუტურად  გამომდინარეობდა  ბიზნესის  თვითღირებულებიდან, მოგეხსენებათ რომ ბიზნესი გაძვირდა და მხოლოდ ამ ფაქტორით იყო ფასის ზრდა გამოწვეული. ჩვენი საბაზრო ღირებულების შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორია უფრო საშუალო სეგმენტია და არა ძალიან მაღალ მსყიდველუნარიანი.

ზამთრის კურორტებზე ჩატარებული ჩემპიონატები და შესაბამისად დიდი მარკეტინგული კამპანიები ყოველთვის ზრდის  ბაზარზე მოთხოვნას, ბუნებრივია დადებითად  აისახებოდა როგორც  ბაკურიანი ინნ-ის, ისე გუდაური ინნ-ის შემთხვევაში“ - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება კურორტების  მზაობას სეზონისთვის, ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს რომ ინფრასტრუქტურა  ყოველწლიურად უმჯობესდება, შესაბამისად ეს წლევანდელ სეზონზეც აისახა.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონის მოლოდინებს,  ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ჯავშნების მიღება უკვე  დაწყებულია, მისივე  თქმით, თუ ბაზარზე რაიმე ფორს მაჟორი არ იქნება  ზაფხულის სეზონი აუცილებლად კარგი შედეგით უნდა დასრულდეს .

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.