ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ზამთრის კურორტების ერთი თვით გახსნა პრობლემებს ვერ გადაჭრის, საჭიროა სუბსიდირება და ბანკებთან შუამდგომლობა“
10 მარტი, 2021

რა ტიპის პრობლემები და გამოწვევები აქვს ზამთრის კურორტებს? არის თუ არა ბაკურიანი და გუდაური დამსვენებელთა ნაკადის მისაღებად მზად და როგორია მოსახლობის განწყობა მთის კურორტებზე? ამ და სხვა თემებზე „რადიო კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გიორგი სალუქვაძემ ისაუბრა.

სალუქვაძის განმარტებით, ბაკურიანი მზად არის ტურისტების და დამსვენებლების დასახვედრად, მისი თქმით ახლა ტრასების მომზადება მიმდინარეობს. „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლის განცხადებით იმის მიუხედავად, რომ მარტის თვეში მთის კურორტებზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ეს ყველაფერი არ მოაგვარებს იმ პრობლემებს რაც ზამთრის კურორტებს აქვს.

„შეზღუდვებმა ყველაზე მეტად გუდაური დაჩაგრა. „დაიცავი მთის კურორტები“ საკთხზე მუშაობას აგრძელებს. ბაკურიანშიც და გუდაურშიც ადგილობრივებს ყოველდღე ვესაუბრები და იმ ზარალს შევისწავლით რომელიც რეგულაციებმა გამოიწვია. რა თქმა უნდა ადგილობრივებისთვის, ეს გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თავს სხვადასხვა წვრილმანის - იქნება ეს სუვენირები, ჩურჩხელები თუ სხვა ნივთების გაყიდვით ირჩენენ. მათთვის ტურისტის ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია. ვისაც მთა, თოვლი და სრიალი უყვარს, მან იცის რას ნიშნავს წლიდან წლამდე სეზონის მოლოდინი, თუმცა მათთვის ერთი წლით სეზონის ჩავარდნა დიდი ტრაგედია არ არის, გართობა და სრიალი მოიცდის, მაგრამ ეს ტრაგედიაა გარე მოვაჭრეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ზამთრის კურორტებზე ბიზნესით არიან დაკავებული“, - აღნიშნა გიორგი სალუქვაძემ.

კითხვაზე თუ რამდენად არის ბაკურიანი უსაფრთხოების მხრივ ტურისტების მისაღებად მომზადებული, სალუქვაძე თქმით, ბაკურიანში ყველაფერია გაკეთებული იმისთვის რომ ყველა კოვიდ საწინააღმდეგო ნორმა და რეგულაცია დაცული იყოს. მისივე განმარტებით, ბაკურიანსაც და სვანეთსაც ლოქდაუნის დროს ტურისტების მიღების საშუალება მეტ-ნაკლებად ჰქონდათ, რადგან მისი განმარტებით, ბაკურიანშიც და სვანეთშიც ადამიანები მხოლოდ  სასრიალოდ არ დადიან, ტურისტები კურორტს სუფთა ჰაერის გამოც ჰყავს. რაც შეეხება გუდაურს, სალუქვაძე აღნიშნავს, რომ გუდაურის შემთხვევაში დამსვენებლები მხოლოდ სასრიალოდ დადიან, შესაბამისად თუ გუდაურში საბაგირო გამორთულია, გამოდის რომ გუდაური სრულიად უფუნქციოდ რჩება.

„თუ გუდაურმა საბაგირო არ ამუშავა ეს ნიშნავს, რომ კურორტი გაჩერებულია და ვერც აპარტოტელები და ვერც გესთჰაუსები ვერ იმუშავებენ. ამასთანავე, აპარტოტელები შემდეგი პრობლემის წინაშე დგანან - გუდაურში არის ცენტრალიზებული გათბობა, იქ ინდივიდუალური გათბობა არავის აქვს, მათ აგრეგატები უნდა ამუშავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი სისტემაში გაიყინება, რაც თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზარალის დათვლა. „დაიცავი მთის კურორტები“ აქტიურად გაუწევს ადვოკატირებას ამ პრობელემებს. მარტში კურორტის გახსნა და ერთი თვით მუშაობა პრობლემას ვერ გადაჭრის, იქ საჭიროა სუბსიდირება, ბანკებთან შუამდგომლობა, რომ ბიზნესმა შეძლოს გარკვეული ინვესტიციების ჩადება, რათა მომავალი წლისთვის ზარალი გამოასწოროს და კურორტი წინ წავიდეს“, -  განმარტავს გიორგი სალუქვაძემ.

გადაცემაში გიორგი სალუქვაძემ სახმელეთო საზღვრის გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სათხილამურო კურორტებისთვის დარიალის პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ტურისტები ვლადიკავკაზში ჩადიან რის შემდეგაც დარიალის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოდიან.

„თუ გვინდა, რომ კურორტები დაიტვირთოს და ის პრობლემები მოგვარდეს რაზეც მთელი წელია ვსაუბრობთ, სახმელეთო საბაჟოები უნდა გაიხსნას, ლარსის პუნქტი უნდა ამუშავდეს. მოხარულები ვართ, რომ რაღაცები იხსნება და ფუნქციონირებას იწყებს, ახლა უკვე შესაბამის სამსახურებზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული, რომ რეგულაციების აღსრულდეს, ჩვენ ამ ფორმალურმა რეგულაციებმა კატასტროფამდე ერთხელ უკვე მიგვიყვანა. ვხედავთ, რომ სიტუაცია უახლოესი ერთი წელი არ შეიცვლება, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სამთო კურორტებმა მომავალ წელსაც იმუშავოს“ - განაცხადა გიორგი სალუქვაძემ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.