ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა 105 მილიონი ჯდება და 2021 წელს დასრულდება
23 დეკემბერი, 2020

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს. მისივე ცნობით, პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს და ეტაპობრივად 2020-2021 წლებში დასრულდება.

პროექტის თანახმად, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქ. ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქ. ონიდან 5 კმ-ით. პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი.

"გზის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ინტენსიური სამუშაოები 4 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, კერძოდ მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ხორციელდება. ზემო იმერეთი-რაჭის გზის პირველი პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ მეტაპზე, დაგებულია 10 კმ-მდე გზა. დარჩენილ მე-7 ლოტზე, ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალ-ეკნომიკური თვალსაზრისით. საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება.
ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.