ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Zuzumbo Resort & Spa 2024 წელს გაფართოებას და ახალი კოტეჯების დამატებას გეგმავს
15 იანვარი, 2024

კახეთში მდებარე სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa 2024 წელს გაფართოებას გეგმავს. ტურისტულ კომპლექსში ცვლილება კოტეჯების მიმართულებას შეეხება და  10 ახალი ნომერი დაემატება. გარდა ამისა, სასტუმროს პრიორიტეტია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, რომლის მიღწევას კომპანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურებით შეეცდება. 

როგორც  სასტუმროს გენერალური მენეჯერი ალექსი ფარადაშვილი ,,ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, უცხოელი ტურისტების წილი ამჟამად  10%-ის ფარგლებშია, მიმდინარე წლისთვის კი  ამ მაჩვენებლის მინიმუმ 25%-მდე ზრდა იგეგმება.

როგორც ალექსი ფარადაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი დამსვენებლების წილი მცირეა, მათი უმეტესობა მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტია, რაც ზოგადად ტურისტული ინდუსტრიისთვის დადებითი ტენდენციაა.

,,2024 წელთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. პირველ რიგში, გვინდა გარედან ტურისტების მოზიდვის მიმართულებით ვიმუშაოთ. ამ მიზნით საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის მოწყობას ვგეგმავთ. ამ დროისთვის ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების თანაფარდობა 90/10-ია, გვინდა ეს მაჩვენებელი 75/25 გავხადოთ. დადებითი ტენდენციაა, რომ 2023 წელს გაიზარდა ტურისტების რაოდენობაც და ის წილიც, რომელიც მაღალმხარჯველია. ინდუსტრიაში ეს ტენდენცია იკვეთება  და მათ შორის, ჩვენს სასტუმროშიც, რაც დიდ იმედს იძლევა. მით უმეტეს, სამომავლოდ ახალი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. დავამატეთ სპა-მომსახურება, რომელიც მასაჟის პროცედურას მოიცავს.  ვამატებთ  10 ნომერს, რომელიც კოტეჯურ სეგმენტში განთავსდება. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დამატებით 20-25%-იანი ზრდა განვახორციელოთ“, - განმარტა ალექსი ფარადაშვილმა ,,ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, სასტუმრო  Zuzumbo Resort & Spa 2020 წელს თელავში გაიხსნა.  სასტუმრო 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს მოიცავს. სასტუმროს ბაზაზე განთავსებულია ასევე  რესტორანი ბარითა და ვერანდით, ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.

პროექტის საინვესტიციო საწყისი მოცულობა 60 მლნ ლარს შეადგენს. დღეისათვის, Zuzumbo Resort & Spa 85-მდე ადამიანს ასაქმებს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.