ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ხელოსნობა
აჭარა

ხელოსნობა

აჭარის სამეურნეო და საზოგადოებრივ საქმიანობაში დიდი როლს თამაშობდა ხელოსნობა, მიწათმოქმედება და სამეწარმეო მეურნეობის სხვადასხვა დარგები. ხელოსნობის უმთავრეს დარგებს წარმოადგენდა ხალხური მეტალურგია და მჭედლობა, ხისა და ქვის დამუშავება, თიხის ნაკეთობათა დამზადება, ფეიქრობა და სხვა. განვითარებული იყო საოჯახო დანიშნულების შინამრეწველური დარგები.  XIX საუკუნის მეორე ნახევრის მონაცემებით, სამჭედლო-სახელოსნო ცენტრები თავმოყრილი ყოფილა ხულოში, დიდაჭარაში, ჭვანაში, მარითის, უჩამბის, სხალთის, მაჭახლის ხეობებში, ქალაქ ბათუმში. მზადდებოდა მრავალფეროვანი სამეურნეო დანიშნულების რკინისა და ფოლადის ნაწარმი: ცელ-ნაჯახები, წალდები, თოხები, სახნისები, ცულები, ხერხები, საჭრის-საჭრეთლები, კარ-ფანჯრის ჩამოსაკიდებლები, სამშენებლო ლურსმანი, ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღები. ცეცხლსასროლი და ცივი საბრძოლო იარაღები სამჭედლო ხელოსნობის ცალკე დაწინაურებული დარგი იყო, რითაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაჭახლის ხეობა და ქვედა აჭარა (მაჭახელას თოფი).

ხელოსნობის განვითარებულ დარგს  ხის დამუშავება წარმოადგენდა. აღსანიშნავია აჭარული ფიცრული სახლი, რომელიც ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. საუკეთესო სახლების ინტერიერი და ექსტერიერი ძირითადად მოჩუქურთმებული ყოფილა.  ხითხუროობის ძველი ტრადიციები კარგადაა შემონახული ხის მეჩეთებში, რომლებიც განიხილება, როგორც ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ღირებულების მქონე მატერიალური კულტურის ძეგლები. მეჩეთების შემკულობაში გამოყენებულია ქართული ორნამენტის ნაირ-სახეობანი, მათ შორის იმ ორნამენტისა, რომელიც ეკლესია-მონასტრებზეა გამოსახული.

აჭარაში ხელოსნობის ყველაზე უძველესი და ფართოდ გავრცელებული დარგი კერამიკული წარმოება ყოფილა. არქეოლოგიური მასალების მიხედვით, კერამიკული წარმოების ტრადიციები განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა მახვილაურისა და ქობულეთის ტერიტორიებზე. თიხის ჭურჭელთან ერთად  მზადდებოდა სხვადასხვა ტევადობისა და ფორმის ქვევრები, სამშენებლო კერამიკული ნაწარმი (კრამიტი, აგური, მილები), თიხის კეცები და ა.შ.

აჭარა საქართველოს იმ რეგიონს წარმოადგენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური ფეიქრობის ჩასახვა-განვითარებში. რთვა-ქსოვასთან დაკავშირებული ნაკეთობანი (თიხის კვირისტავები, საწაფები, ქსოვილიანი კერამიკის ფრაგმენტები) აღმოჩნდა წინაანტიკური და ანტიკური ხანის ფიჭვნარის ნაქალაქარზე. აჭარის ეთნოგრაფიული მონაცემებით, წარსულში მხოლოდ სელის, აბრეშუმის, შალის და კანაფის ქსოვილებისაგან დამზადებული ტანისამოსით იმოსებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. აქ დამზადებული საფეიქრო ნაწარმი ორიგინალური ნიშნით გამოირჩეოდა. ქართველი, რუსი თუ ევროპელი მოგზაური მკვლევარები საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ აჭარელთა ჩაცმულობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ  უხეში ქსოვილისაგან  მზადდებოდა, იყო კოხტა და მოქნილი. ამგვარად, ხელოსნობა აჭარაში, რომელიც სათავეს იღებს ნეოლითიდან, თითქმის ყველა უმთავრესი დარგით (ხისა და ქვის დამუშავება, მჭედლობა, მეთუნეობა, ფეიქრობა) იყო წარმოდგენილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.