ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
არქიტექტურა
აჭარა

არქიტექტურა

აჭარა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში. სწორედ ამაზე მეტყველებს აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ციხესიმაგრეების, საკულტო ნაგებობებისა და ქვისთაღოვანი ხიდების ნაშთები. ვინაიდან აჭარა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენდა, იყო მოთხოვნა გამაგრებითი, თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობისა. ასეთია გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები. ბათუმის აღმოსავლეთ შესასვლელში მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროსთან მდებარეობს ბათუმის, ანუ თამარის უძველესი ციხე-სიმაგრე. ამ ადგილებში არქეოლოგიური გათხრები ყოველწლიურად მიმდინარეობს. ამავდროულად, აჭარაში მრავლადაა გვიანი შუა საუკუნეების ციხეები(გულების, ზენდიდის, ბეგოშვილების, კავიანის, ჩხუტუნეთის და სხვა ციხეები). ოსმალთა ხანგრძლივი ბატონობის დროს მრავალი ტაძარი დაინგრა, გადარჩენილ ეკლესიებს შორის გამოირჩევა სხალთის მონასტერი ხულოში.

საპორტო ქალაქად გადაქცევის შემდეგ ბათუმში განსაკუთრებით მომრავლდა არქიტექტურულად მდიდარი შენობები, ისეთები როგორებიცაა: ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ყოფილი კათლიკური ეკლესია), ბათუმის ფოსტის შენობა, ზღვისპირა ბულვარის კოლონადები, არქიტექტორთა სახლი, საზაფხულო თეატრი. ქალაქის განაშენიანების პროცესში მონაწილეობას ღებულობდნენ ევროპელი არქიტექტორებიც. ძველი ქალაქი ძირითადად ორ და სამ სართულიანი შენობებით გამოირჩეოდა, ამავდროულად თითოეული შენობის არქიტექტურული იერი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ქალაქის იერსახეს. იგივე ტენდეცია შეინიშნება თანამედროვე ბათუმის არქიტექტურაშიც. ახალი არქიტექტურული ნიმუშები - ანბანის კოშკი, ბათუმის იუსტიციის სახლი, სასტუმრო რედისონი თუ ახალი საცხოვრებელი კომპლექსები  მართლაც რომ გამოირჩევიან თანამედროვეობითა და ორიგინალობით.

თაღოვანი ხიდები

აჭარაში დაცული ქვის თაღიანი ხიდები ძველი ქართული მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად აჭარაში 25-მდე თაღოვანი ხიდია შემორჩენილი, რომელთა მშენებლობას მოსახლეობა ძირითადად თამარ მეფის სახელს მიაწერს. თუმცა მკვლევარების აზრით, თაღოვანი ხიდების მშენებლობა ორ სხვადასხვა ეპოქას უკავშირდება: ერთი პერიოდი, ძირითადად, IV-VI საუკუნეეებს უნდა განეკუთვნებოდეს, მეორე კი-VII-VIII საუკუნეებს.  აჭარის ერთგვარმა საკვანძო-სტრატეგიულმა მდებარეობამ სავაჭრო-საქარავნო გზებზე (ჩრდილო კავკასია-მცირე აზია, თურქეთი-სამცხე-არტანუჯი და ასე შემდეგ)  წარმოშვა აქ არსებული საქარავნო გზების სათანადოდ მოვლა-მოწესრიგების დიდი საჭიროება. ქვის თაღოვანი ხიდები ქართული საინჟინრო ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებია. ისინი მნახველებს აოცებენ თავიანთი კომპაქტურობითა და აგების სიზუსტით. 

მიწის ხიდი

მიწის ხიდი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ საღორეთშია აგებული, აგარისწყლის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე ჭანჭახეთზე, ვიწრო და კლდოვან ადგილზე. ხიდის ბურჯი დაშენებულია ბუნებრივ კლდეზე და მისი სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 4,64 მეტრია, ბურჯის სიმაღლე 1, 16 მეტრი, სიგანე კი – 2,62 მეტრი. ხიდის ბურჯებს ეყრდნობოდა თაღი, რომელსაც წრიული ფორმა აქვს და აშენებულია გათლილი, სუფთა ქვებით. თაღის კონსტრუქცია თავბანდსა და ქუსლში ერთნაირია და შეადგენს ნახევარ მეტრს. ხიდის თაღი შედგება ორი ნაწილისაგან – თვით კონსტრუქციისაგან და გალავნისაგან.

დანდალოს ხიდი

დანდალოს ხიდი  ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად ამავე დასახელების სოფელში მდებარეობს. ხიდის ასაგებად კლდოვანი ქანებით აგებული მდინარის ვიწრო ადგილი შეურჩევიათ  და მისი სიგანე 20 მეტრს აღწევს. ხიდი თხელი თაღით და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. იგი ნაშენია ვულკანური წარმოშობის კლდის თლილი ქვითკირის დუღაბზე. ბურჯები კლდეზეა  აღმართული, მათზე შემორჩენილია  ხარაჩოების  ბუდეების ფოსოები. დანდალოს ქვის თაღიანი ხიდი, საქართველოს  ქვის თაღიან ხიდებს შორის, სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული. 2008  წელს  ხიდს  საკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

მახუნცეთის ხიდი

ხიდი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის ამავე დასახელების სოფელში, ბათუმი-ხულოს ცენტრალური გზიდან 54 მეტრის მოშორებით. ხიდი დიდი ზომისაა და  ბუნებრივი კლდის ბურჯებს ეყრდნობა. იგი აშენებულია ვულკანური წარმოშობის კლდის ქვით, კირის დუღაბზე. ხიდის ბურჯებს ფოსოები არა აქვს, მას საუკუნეების განმავლობაში უტარდებოდა აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები, რაც დამატებითი ქვის წყობის რიგებით დასტურდება, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომით, ფორმით და წყობის ხასიათით. 2008 წელს ხიდს  სრულყოფილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.

ფურტიოს თაღოვანი ხიდი

ფურტიოს ხიდი  ამავე დასახელების სოფლისა და აჭარისწყლის ხეობის დასაწყისში მდებარეობს. ხიდი  ერთმანეთს სხალთისწყლის ხეობაში არსებულ ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებდა. ამ გზით სხალთის ხეობიდან ზღვისპირეთისაკენ მიემართებოდა უმოკლესი საქარავნე გზა არდაგნიდან და ახალციხიდან. ხიდმა ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებული სახით მოაღწია. ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 135 მეტრია, სიგანე ნაპირებზე- 2,35 მეტრი, თავბანდთან 2, 20 მეტრი. ფურტიოს ხიდის საინტერესო აღწერილობას გვაძლევს თედო სახოკია, იგი ხაზს უსვამს მშენებლის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, რომელმაც ხიდის თავისა და ბოლოს საყრდენ ადგილად კლდიანი ნიადაგი აირჩია. ამით უნდა აიხსნას, რომ ეს ხიდი დღემდე დაუზიანებლად დგას როგორც ძველი დროის ნაშთი.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.