გართობა და დასვენება
ბათუმის 6 მაისის პარკი გახლავთ ერთერთი უძველესი სამოქალაქო ბაღი საქართველოში. მას 130 წლის ისტორია აქვს. პარკის მშენებლობა 1881 წელს „ნური-გელის“ ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პრუსიელი მებაღე რესლერი. 1885 წლიდან ქალაქის ბაღისა და უკვე დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად მოიწვიეს ფრანგი მებაღე მიხეილ დალფონსი. იმ დროისათვის პარკის საერთო ფართობი იყო 78000 კვ.მეტრი. რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“ ეწოდა. 1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, შემდგომ – პიონერთა პარკად, 2006 წლიდან კი მას „6 მაისის პარკი“ ჰქვია.
პარკში კომპლექსურადაა შერწყმული გართობის და თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების შემდეგი საგანმანათლებლო–შემეცნებითი მომსახურეობის სფეროები: დელფინარიუმი, სადემონსტრაციო აქვარიუმი და ზოოკუთხე, საბავშვო ატრაქციონები, აქ შეგიძლიათ გაიგოთ დრო „მზის საათის“ მეშვეობით, დატკბეთ დეკორატიული შადრევანით და მოისვენოთ მრავალწლოვანო ხეების ჩრდილში. პარკის მშვენებას წარმოადგენს „ნური–გელის“ ტბა. ტბის წყალი ეკოლოგიურად სუფთაა, ნაპირი კორდითაა დაფარული, გარშემო კი ულამაზესი ძეწნის ხეებია ჩარგული. ტბაში შესაძლებელია ნავებითა და წყლის ველოსიპედებით სეირნობა.
დელფინარიუმი
ბათუმის დელფინარიუმი 1974 წელს შეიქმნა, იგი თავისი მაჩვენებლებით მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. ბათუმის დელფინარიუმი თანამედროვე დიზაინის შენობას და ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნებს ითვალისწინებს. ობიექტი ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან შედგება: ერთი სადემონსტრაციო და სამი დამხმარე ავზი დელფინებისათვის, ერთი ავზი ფეხფარფლიანებისათვის. წყლის მთლიანი მოცულობა 2 საათის განმავლობაში იცვლება. ხდება მისი ფილტრაცია, ოზონირება და ბრუნდება ავზებში. დელფინარიუმი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ შემადგენელი ნაწილია. ამფითეატრი 4 სექტორისაგან შედგება და 703 მაყურებელზეა გათვლილია. ინფრასტრუქტურაში შედის ინვალიდი და უნარშეზღუდული პირების მომსახურეობა პანდუსითა და ლიფტებით.
სადემონსტრაციო აქვარიუმი
სადემონსტრაციო აქვარიუმი 1966 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა. მასში წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფეხფარფლიანი ძუძუმწოვარი ცხოველები, ძვირფასი ბეწვის მქონე წავები და კასპიის ზღვის სელაპები, გიგანტური კუ და ა.შ. ამჟამად აქვარიუმში წარმოდგენილია შავი ზღვისა და დეკორატიული თევზების 100 მდე სახეობა. აქ შეიძლება იხილოთ ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კამბალა-გლოსა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა მრავალი სახეობის თევზი. ეგზოტიკურიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები.
ზოოკუთხე – შედგება პრიმატების, ჩანთოსნების, ჩლიქოსნებისა და ორნითოლოგიური განყოფილებებისაგან. ჩვენი ზოობინადრები არიან სხვადასხვა სახეობის ანთრები, წითური კენგურუები, ხალებიანი ირმები და აქსისები, ანტილოპები, შეტლანდიური პონები, ულამაზესი ეგზოტიკური თუთიყუშები და სხვა.
ატრაქციონები –სკოლამდელი და 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვისაა განკუთვნილი.
პანორამული ბორბალი
ბათუმის პანორამული ბორბალი ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია. 55 მ სიმაღლიდან 10 წთ განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ ძვ. და ახალი ბათუმის პანორამული ხედებით. პანორამული ბორბალის კონსტრუქცია აგებულია იტალიური კომაპნია „ვიზა ინტერნეიშენელ“ ის მიერ და იგი გათვლილია 240 ადამიანზე.
ძველი ბულვარის ზოო- კუთხე
ძველი ბულვარის საუკუნოვანი ხეების ჩრდილქვეშ ხელოვნურად მოწყობილ წყლის აუზებში გედებისა და გარეული იხვების გარდა შესაძლებელია ფარშევანგების ხილვაც, რომლებიც ოდითგანვე ბინადრობდნენ ბულვარის გამწვანებულ ზონაში და იზიდავენ ადგილობრივებსა და ტურისტებს.
აკვა პარკი
წყალზე ექსტრემალური დაშვების მოყვარულბს და უბრალოდ გართობის მიზნით შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმის აკვა პარკს. რომელიც გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებს. აკვა პარკის ტერიტორიაზე 2 დიდი და ერთი საბავშვო აუზი ფუნქციონირებს.
დისნეის კუთხე
2011 წელს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი იქნა ბავშვების მოედანი სადაც დისნეის მულტფილმების გმირების 20-ზე მეტი ქანდაკება არის განლაგებული. ამ მოედანს ადგილობრივებმა დისნეის მოედანი შეარქვეს.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები
ბათუმში განთავსებული სასტუმროები სპეციალური სპა-გამაჯანსღებელი სერვისებით არამარტო სასტუმროს კლიენტებს, არამედ ქალაქის მაცხოვრებლებსა და ნებისმიერ მსურველს უმასპინძლდება. ასეთი სასტუმროებია: „შერატონი“, „რადისონ ბლუ“, „პრეზიდენტ პლაზა“, „მარინა“, „ჯორჯია პალასი“. ქალაქის ყველაზე დიდი, ოლიმპიური სტანდარტის მქონე აუზი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომლექს „პლაზა“-ში მდებარეობს.