ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კაცხი და მოწამეთა
იმერეთი
კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში. ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010-1014 წლებშია აშენებული, ბაღვაშთა ფეოდალური საგვარეულოს მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხი მათი საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში (გარდაიცვალა 1064 წელს). ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხებისა და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი გაპარტახდა. მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი XVI ს-ში მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII-XVIII სს-ში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან სამეფო ხელისუფლების გამგებლობაში გადავიდა.
კაცხს გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი. ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო კარიბჭის ფუნქციით. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი ნაწილისაგან: გარშემოსავლელი, ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი. ტაძარი ექვსაფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული ყოფილა მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს რუსული ეკლესიის საეგზარხოსოს მიერ ჩატარებული რესტავრაციის შედეგად ჩუქურთმები მოიხსნა, შეიღება ფრესკები. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია.
 
მოწამეთის ეკლესია მდებარეობს ქ. ქუთაისიდან აღმოსავლეთით 6 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების  დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. ისინი 736-738 წლებში საქართველოში შემოჭრილმა მურვან ყრუმ შეიპყრო და ქრისტიანობის ერთგულებისთვის სიკვდილით დასაჯა. ეკლესიამ წამებული გმირები წმინდანებად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თავდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული. XI საუკუნეში ბაგრატ III-მ ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით მოწამეთა შეაკეთეს და გააფართოეს. ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი. 1923 წელს ბოლშევიკებმა ეკლესია დახურეს, წმინდანთა ცხედრები კი აკლდამიდან ამოიღეს და წყალში გადაყარეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლო წმინდანთა ნაშთების გადარჩენა. ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს. მოწამეთა კვლავ ამოქმედდა 1954 წელს. ამ წელს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან ისევ ეკლესიაში გადაასვენეს. მო­წამეთობის დღესასწაული 15 ოქტომბერს აღინიშნება. 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.