ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ახტალა
კატეგორიები
კურორტი `ახტალა - მდებარეობს კახეთში, ქ. გურჯაანში თბილისიდან 122 კმ-ზე, ზღვის დონიდან 412 მ-ზე. ჰავა ზომიერი კონტინენტურია: ზაფხული ცხელი, ზამთარი თბილი, ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 700მმ. კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებსა და ტამპონებისთვის. ტალახი კურნავს: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკულ დაავადებებს, პერიფერიულ ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიურ დაავადებებს. საკურორტო სეზონი აპრილიდან დეკემბრამდე გრძელდება.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.2 გვ.109    

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ახტალის ქვაბულში, მდებარეობს საქართველოში ყველაზე ცნობილი სამკურნალო ტალახის საბადო. 4-5 ჰექტარ ფართობზე აღინიშნება ტალახის ცხრა გამოსავალი, რომლებიც ერთ­მანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული, თუმ­ცა ერთდროულად არასოდეს მოქმედებენ. 250 მ სიღრმის ვულკანების კრატერიდან ტალახი და საწვავი გაზი ამოდის და მცირე რაოდენობის თხევადი ნავთობი ამოაქვს. უმეტეს შემთხვევაში ერთდროულად 3-4 ბორცვი მოქმედებს. ერთის გააქტიურების შემთხვევაში სუსტდება ან სრულიად წყვეტს მოქმედებას მეორე და მესამე... ტალახი ნაცრისფერია და თხიერი კონსისტენცია აქვს; შედგება მინერალური წყლის, სილიკატური კრისტალების ნამსხვრევებისა და კოლოიდური ნაწილაკებისგან. დღეღამური დებიტი -საშუალოდ 37-47 მ3. ტალახის ხვედრითი წონა წყლის შემცველობისა და ატმოსფერული ნალექების შესაბამისად იცვლება. ასევე ცვალებადია მისი ტემპერატურაც - ის დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე; ყველაზე თბი­ლია ივლის-აგვისტოში, ყველაზე ცივი - დეკემბერ-იანვარში.


ახტალის ტალახის სასიკეთო გავლენა სხვადასხვა სნეულებაზე მოსახლეობისთვის დიდი ხნის წინათ ყოფილა ცნობილი: ერთ-ერთ პირველ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილი გვაწვდის: „კვალად ჭერემ-ვეჯინის შუა და ვეჯინის ჩრდილოთ, მთის კალთას არის ახტალა, რომელს იტყვიან ნასოფლარსა და რისხვით დანთქმულსა. აღმოდის კუპრი, ვითარცა მდუღარე“. საინტერესოა, რომ ვახუშტის მიერ მო­წო­დებული ცნობა ახტალ­ის, როგორც სტიქიური მოვლენის შედეგად „დანთქმუ­ლი~ სოფლის თაობაზე, ადგილობრივ მცხოვრებთა შო­რის დღესაც ცოცხლობს. მათი თქმით, ძველ დროს აქ მომხდარა დიდი მიწისძვრა, რომელსაც სოფელი ქვესკნელში ჩაუტანია, მის ადგილას კი ტბა დამდგარა. ამბობენ, ახტალის ტალახს დროდადრო ათასგვარი საოჯახო საგანი _ ნიჩბები, ცულები თუ უნაგირის მოსართავები ამოაქვსო.


პირველი სამკურნალო შენობა ახტალაში ჯერ კიდევ 1836 წელს ააშენეს. ის თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილება იყო. ტალახით მკურნალობა იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ ახტალაში მუდმივმოქმედი სამკურნალო დაწესებულების აგება გადაწყდა.
ამჟამად ახტალის ტალახი ინტენსიურად გამოიყენება თბილისი ბალნეოლოგიურ ცენტრში. თავად ახტალაში კი ძველი ინფრასტრუქტურის განახლება და კურორტის აღორძინება იგეგმება.

1. ახტალა პელოიდურ-კლიმატური კურორტია, რადგან სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნით აქ
სამკურნალო ტალახთან ერთად კლიმატური ფაქტორებიც გამოიყენება.
 
2. ღვინის სახლ გურჯაანის მარანში დგას ორი საუკუნის წინათ დამზადებული საწნახელი, რომელსაც დღესაც
იყენებენ ღვინის დასამზადებლად; . აქ დაწურული, ასევე სხვა სახით  ოჯახურ პირობებში თუ ქარხნული
წესით დაყენებული ქართული ღვინის დაჭაშნიკება მარნის ყველა სტუმარს შეუძლია.
 
მდებარეობა: ალაზნის ველი, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდობის ძირი.
მანძილი: თელავიდან – 25 კმ, თბილისიდან – 145 კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან: 410-430 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: ზომიერად კონტინენტური. ზამთარი რბილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0,90C. ზაფხული მეტად თბილი, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა - 230C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 741 მმ.
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100-2200 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და ფსევდო-ვულკანური წარმოშობის ტალახი.
მკურნალობის სახეობები: ტალახის აბაზანები (ზოგადი და ადგილობრივი), ვაგინალური და რექტალური ტამპონები; პასიური კლიმატოთერაპია. 
სამკურნალო ჩვენება: ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული ნერვული და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.