ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ბათუმი
კატეგორიები
აჭარის დედაქალაქი ბათუმი ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდლის - ბათუმის ყურის ნაპირზე,
მდინარე ბარცხანისა და ყოროლისწყლის შესართავთან არის გაშენებული. ის უძველესი ქალაქია: არქეოლოგიური
გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. II-I ათასწლეულების დასახლების ნაშთები იქნა აღმოჩენილი; უკვე ჩვ. წ-ის I ს-ში რომაელი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი პლინიუს უფროსი თავის ნაშრომში „ბუნების ისტორია“ ბათუმს საზღვაო პორტ ბატისს უწოდებს. როგორც ჩანს, ანტიკურ ხანაში ბათუმს, როგორც საპორტო ქალაქს, მნიშვნელოვანი სატრანზიტო
ფუნქცია და მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონია მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან. საუკუნეების განმავლობაში ბათუმის, როგორც პორტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ბერძნები, რომაელები, ოსმალები თუ რუსები გამუდმებით ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას. XX საუკუნის დასაწყისში, 1919 წელს, ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ ბათუმს ბრიტანელი გენერალიც კი ჰყავდა გუბერნატორად. 1878-1886 წლებში ბათუმი პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად) გამოცხადდა. გაიხსნა ბათუმი-ბაქოს სარკინიგზო ხაზი (1883 წ.) და ნავთობსადენი (1897-1907 წწ.), რამაც ქალაქის ზრდა გამოიწვია. ამ პერიოდში ბათუმში მოღვაწეობდნენ სამრეწველო მაგნატები - შვედი ძმები ალფრედ, რობერტ და ლუდვიგ ნობელები და ბარონი ალფონს დე როტშილდი. სარკინიგზო გზისა და ტერმინალის გახსნა სწორედ ძმები ნობელების დამსახურებად მიიჩნევა. სახლში, სადაც მათ ოფისი ჰქონდათ, ახლა ნობელის მუზეუმია, ხოლო როტშილდის სახლში, რომლის ასაშენებლად ბარონმა აგური საფრანგეთიდან ჩამოიტანა და მუშებიც იქიდან ჩამოიყვანა, ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლია განთავსებული. ბოლო წლებში ქალაქის გასალამაზებლად დიდი სამუშაოები ჩატარდა. გაიზარდა და მოეწყო პლაჟი, აშენდა ახალი კორპუსები, გაშენდა გასართობი პარკები, მსოფლიოში სახელგანთქმულმა სასტუმროთა ბრენდებმა აქ თავიანთი ობიექტები გახსნეს.
 
1. 1881 წელს ბათუმის ცენტრში მდებარე პატარა ტბა ნური-გელის (ფართობი 0,06 კმ2) ირგვლივ გაშენდა ბაღი,
რომელსაც რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ალექსანდრეს ბაღი უწოდეს. 1947 წელს პარკში პირველი
საქანელები და ატრაქციონები დაამონტაჟეს, 1966 წელს გაიხსნა აკვარიუმი, სადაც დღემდე მტკნარი
წყლის, ზღვისა და ოკეანის ცხოველთა 100-მდე სახეობა ბინადრობს. 1975 წელს პარკში ყოფილი საბჭოთა
კავშირის მასშტაბით პირველი დელფინარიუმი აშენდა. ბაღს დღეს 6 მაისის პარკი ჰქვია. მისი ფართობი 165 000 მ2-ს შეადგენს, დელფინარიუმი კი შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევით ცენტრის ნაწილია.
 
მდებარეობა: კახაბრის დაბლობი.
მანძილი: თბილისიდან – 360 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 5 მ.
რელიეფი: ვაკე-ბორცვიანი.
კლიმატი: ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურა  6,50C, აგვისტოს საშუალო ტემპერატურა - 22,60C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 2718 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 81%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1958 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ტენიანი სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობის სახეობები: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკური და სხვ.
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის (არატუბერკულოზური ხასიათის) დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, ენდოკრინული და მცირე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული სიმსუქნე.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.